ბელარუსი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობები გააღრმავოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Sep.'07 / 20:04

ბელარუსი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობები გააღრმავოს, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში 17 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
 
“მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობები აღვადგინოთ და საბჭოთა პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ,” - იტყობინება ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით. 
 
საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას, ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ სავაჭრო ბრუნვის დონე არ შეესაბამება ორი ქვეყნის პოტენციალს. მისი თქმით, საჭიროა მისი გაზრდა, სულ ცოტა, 100 მილიონ აშშ დოლარამდე წელიწადში.
 
მხარეებმა ასევე იმსჯელეს უსაფრთხოების საკითხებზე. “ალექსანდრე ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა ბელარუსის მზადყოფნას ამ სფეროში ურთიერთობების დამყარების თაობაზე,” – იტყობინება ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური.

Civil.Ge © 2001-2024