შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი დააპატიმრეს
/ 24 Sep.'07 / 10:56
სივილ ჯორჯია

ყოფილი გუბერნატორი მექრთამეობასა და
უკანონო სამეწარმეო საქმიანობაშია ბრალდებული.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ ქარელი, 23 სექტემბერს დილით დააპატიმრეს, როდესაც ის საქართველოდან გაქცევას ცდილობდა, განაცხადა გენპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ქარელი ბრალდებულია მექრთამეობასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.

იმავე დღეს თბილისი საქალაქო სასამართლომ ქარელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გენპროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქმე ეხება ”რთულ კორუფციულ სქემას” აგროსაწარმოს ირგვლივ, რომელშიც შიდა ქართლის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 21%-ს ფლობდა. გვარამიას თქმით, ამ სქემის თანახმად, ქარელი და მისი თანამზრახველები საწარმოს მოგების 50%-ს ითვისებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარელი თბილისის აეროპორტში დაიჭირეს.

მიხეილ ქარელი, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, გუბერნატორის თანამდებობიდან 12 სექტემბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა ხელისუფლება ადგილობრივი ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსნის დაპატიმრების ფაქტის გამო áƒ“ა მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

ქარელი მისი გუბერნატორის პოსტზე მუშაობის სამი წლის მანძილზე ყოველთვის დაპირისპირების წყარო იყო.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მუდმივად ადანაშაულებდა ქარელს შიდა ქართლში ადგილობრივი ბიზნესმენების დაშინებაში და მათი საკუთრების უკანონო მითვისებაში.

2005 წელს გაზეთ ”ახალი ვერსიის” ჟურნალისტს საბა ციციკაშვილს, რომელიც მიხეილ ქარელის და მისი ადმინისტრაციის სავარაუდო უკანონო ქმედებებს იძიებდა, გორში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

ქარელი ასევე ასოცირდებოდა გორში 2005 წელს ადგილობრივი გაზეთის რედაქტორის დაპატიმრებასთან, რომელიც áƒ›áƒáƒ’ვიანებით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.     

გარდა ამისა, მიხეილ ქარელი არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა შიდა ქართლის რეგიონში კონტრაბანდის მფარველობაში.

თუმცა მიუხედავად ამ განცხადებებისა, პროკურატურას დღემდე ქარელის საქმიანობა არ გამოუძიებია.

2005 წლის მარტში შიდა ქართლის პოლიციაში ცვლილებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე პოლიციის ოფიცერი კონტრაბანდაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინ დაიცვა მიხეილ ქარელი და განაცხადა, რომ ის ”პატიოსანი ადამიანია”.

23 სექტემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ორი წლის წინ ის ენდო ქარელს.

ვარაუდები ქარელის შესაძლო გათავისუფლების თაობაზე პირველად მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა მთავარმა მხარდამჭერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გასულ წელს მთავრობა დატოვა.

მას შემდეგ ქარელმა პოზიციები დაკარგა და გავრცელდა ხმები, რომ ის მხოლოდ ფორმალურად იყო გუბერნატორი.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა შიდა ქართლის ადგილობრივ ადმინისტრაციაში არსებული კორუფციული სქემის გამოძიება დაიწყეს.

12 სექტემბერს კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს ადგილობრივი ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის გორის გამგებელი ვასილ მახარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპუნაშვილი და ქარელის რაიონის ყოფილი გამგებელი გაიოზ ძანადია.

მიხეილ ქარელმა და დეპუტატმა თეო ტლაშაძემ, რომელიც ასევე ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, დაგმეს დაპატიმრების ფაქტი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. ქარელი იმავე დღეს, 12 სექტემბერს გაათავისუფლეს თანამდებობიდან.  
   

 

Civil.Ge © 2001-2024