ოქრუაშვილი საჯარო განცხადებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Sep.'07 / 14:22

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს პირველ პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს და დაარღვევს გასული წლის ნოემბერში მთავრობიდან წამოსვლის შემდეგ შენარჩუნებულ დუმილს.

მან უკვე მოიწვია თბილისის ცენტრში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია, სადაც სავარაუდოდ, მისი ახალი პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” პრეზენტაცია შედგება.

იმავდროულად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი áƒáƒªáƒ®áƒáƒ“ებს, რომ ოქრუაშვილის პარტიული ოფისის შეძენა უკანონოდ მოხდა. კერძოდ, გაყალბდა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც რეალურად გადახდილი თანხის -  1.8 მლნ აშშ დოლარის ნაცვლად - 250 ათასი ლარია დაფიქსირებული. შემოსავლების სამსახური მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ გარიგებით სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მლნ ლარის ზარალი მიადგა.

მედია ასევე იტყობინება, რომ შემოსავლების სამსახური ფინანსური დოკუმენტაციას სწავლობს კომპანია ”არტი ჯგუფში”, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

”არტი ჯგუფი” ფიგურირებს ასევე საქმეში, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ქიტოშვილის სკანდალურ დაკავებას უკავშირდება. გენპროკურატურა ქიტოშვილს სწორედ ”არტი ჯგუფის” სასარგებლოდ ”ჯეოსელის” 2,6% წილის უკანონო გადაფორმებაში მონაწილეობის გამო უყენებს გამოძალვის ბრალდებას.

Civil.Ge © 2001-2024