უმრავლესობა ოქრუაშვილის განცხადებებს ”აბსურდულ ცილისწამებას” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Sep.'07 / 18:51

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ანტი-სახელისუფლებო განცხადებები ”უსაფუძვლო, ბინძური ცილისწამების და სიცრუის ნიაღვარი” იყო, განაცხადა მმართველი უმრავლესობის გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 25 სექტემბერს.

ბოკერიამ პრესკონფერენცია მას შემდეგ მოიწვია, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დღეს თავისი ოპოზიციური პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” პრეზენტაცია გამართა, სააკაშვილის ადმინისტრაცია ”ფაშისტურ ტენდენციებში”, მკვლელობების შეკვეთებსა და ანტი-სახელმწიფოებრივ მოქმედებებში დაადანაშაულა.

”სრულიად შეუძლებელია სერიოზულად უპასუხო ამ აბსურდულ ბრალდებებს,”- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ეს არის ”პოლიტიკური ხელშეუხებლობის შეძენის” მცდელობა ოქრუაშვილის მხრიდან.

”ძალიან სამწუხაროა, დასანანია და სიბრალულს იმსახურებს, როცა ვხედავთ როგორ დაეცა ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელი, როგორ განიცადა სრული დეგრადაცია და როგორ უღალატა იმ საქმეს, რასაც ვემსახურებოდით ყველანი ერთად,”- დასძინა მან.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში ”გარკვეული გაუცხოება” დაიწყო 2005 წლიდან, როცა ხელისუფლებამ  შიდა ქართლში ოქრუაშვილის ახლობელი პოლიციის მაღალჩინოსნები დააპატიმრა.

”ბოლო პერიოდში მისი კლანის წევრების მიმართ წაყენებულმა სერიოზულმა ბრალდებებმა, როგორც ჩანს ბატონი ოქრუაშვილი მწყობრიდან გამოიყვანა,”- განაცხადა ბოკერიამ. მას მხედველობაში ჰქონდა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების დაჭერა.

ბოკერიამ ასევე დარწმუნებით განაცხადა, რომ ოქრუაშვილს ვერ მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას იმ განცხადებებით და იმ გუნდით, რომელიც მის გვერდით დგას და რომელთა უმრავლესობაც ვარდების რევოლუციის დროს ”ბარიკადის მეორე მხარეს” იდგა.

Civil.Ge © 2001-2024