ოქრუაშვილი დააპატიმრეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Sep.'07 / 20:40
სივილ ჯორჯია

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 27 სექტემბერს საღამოს დააკავეს, ეჭვმიტანილია გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სამსახურებლივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში, განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე. 

გვარამიას თქმით, ბრალდებები სულ ცოტა სამ სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.
 
გასული წლის ოქტომბერში ოქრუაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ყოფილ დეპუტატს და ბიზნესმენს, ჯემალ სვანიძემ მობილურ კომპანია “ჯეოსელში” მისი 2.6%-იანი წილი გამოსძალეს.
 
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც ასევე ოქრუაშვილის áƒ›áƒ”გობარი იყო, 25 სექტემბერს სწორედ ამ საქმის გამო დაიჭირეს. გვარამიას თქმით, ქიტოშვილმა უკვე მისცა ჩვენება ოქრუაშვილის წინააღმდეგ.
 
“ეს ფაქტი [გამოძალვაში ოქრუაშვილის მონაწილეობისა] უკვე დაადასტურა დიმიტრი ქიტოშვილმა თავის ჩვენებაში,” – განაცხადა გვარამიამ.
 
“2005 წლის იანვარში იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაუკავშირდა თავის უახლოეს მეგობარს ქიბარ ხალვაშს, რომელსაც შეუთანხმდა მისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით დაეფუძნებინათ სამშენებლო პროფილის საწარმო, რომელთანაც იგი გააფორმებდა ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობითი სამუშაოების შესასრულებლად,” განაცხადა გვარამიამ. 
 
“მართლაც, ქიბარ ხალვაშმა 2005 წლის 27 იანვარს დაარეგისტრირა შპს ”ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანია”, და ამ სრულიად გამოუცდელ საწარმოსთან გაფორმდა სამი ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 140 მილიონი ლარი, რომელიც ათვისებულ იქნა აღნიშნული კომპანიის მიერ,” – აღნიშნა გვარამიამ.
 
მესამე ეპიზოდში, განაგრძო გვარამიამ, ოქრუაშვილმა 2007 წლის მაისში თბილისის ცენტრში საოფისე ფართის შეძენისას ოფიციალურად განაცხადა, რომ მან შენობა შეიძინა 250 000 დოლარად, მაშინ როცა შენობის მინიმალური ღირებულება 1,8 მილიონ დოლარს შეადგენდა, ანუ ოქრუაშვილმა მოახდინა “ფულის გათეთრება”.
 
გვარამიას თქმით, გამოძიების მიერ თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილია გაფლანგვებისა და მითვისების შემთხვევები საერთო ღირებულებით რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარი. “აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს”, - დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024