ახალი მემარჯვენეები ოპოზიციის პროტესტს არ უერთდებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Sep.'07 / 12:52

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ გააკრიტიკა ოპოზიციის მოწოდებები გაიმართოს საპროტესტო აქცია ირაკლი ოქრუაშვილის დასაცავად და განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ამ პროცესში თამაშგარე მდგომარეობას ინარჩუნებს.

”ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ  ძალიან ბევრი ემოციური მოწოდებები ღირსებაზე, კაცობაზე და მე გამახსენდა 4 წლის წინანდელი პათოსი ისევ ამ ადამიანებისაგან... მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, რომელთა უმეტესობა მონაწილეობდნენ ამ დამხობაში და გადატრიალებაში, რა, უკეთესი მივიღეთ ამ დამხობიდან, რომელიმე თქვენთაგანს მოგეცათ საშუალება მონაწილეობა მიგეღოთ სახელმწიფოს მოწყობასა და მის განვითარებაში. არა ბატონებო, ორივე ჯერ თქვენც და მთელი საზოგადოებაც დამარცხებული აღმოჩნდით,”- განაცხადა გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

”მე მინდა გულწრფელად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვერ და არ მივიღებთ ამაში მონაწილეობას. რა შეიცვლება, თუ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიას მაფიას ჩაანაცვლებს ახალი გვარები: ოქრუაშვილი, ქარელი, სუხიტაშვილი თუ ნოკოლეიშვილი... რა ეს ადამიანები აღარ დაიჭერენ, ფულს აღარ მოიპარავენ თუ ლიბერალურ დემოკრატიას ააშენებენ?”, - აღნიშნა მან.

გამყრელიძის განცხადებით, ის წინააღმდეგია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის და დღეს  â€áƒ”ს არის გზა ერთი ბელადის მეორე ბელადის შეცვლისაკენ”.

”მე არც გამსახურდიას დამხობაში მიმიღია მონაწილეობა, არც შევარდნაძის ჩამოგდებაში და მე არც ახლა ვაპირებ ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლას,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გვინდა და აუცილებლად მოვახერხებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთხელ მაინც არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ნამდვილად პატიოსანი, ეროვნული, ქართული, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა”.

მისი თქმით, ახალი მემარჯვენეები უახლოეს დღეებში შესთავაზებენ საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას შექმნილი სიტუაციიდან კონკრეტულ გამოსავალს.

მან ასევე გააფრთხილა ხელისუფლება ხელი აიღოს ყველა იმ გეგმისაგან, რომელიც ოქრუაშვილის ირგვლივ ატეხილი სკანდალის მიზნით შეიძლება განიხილებოდეს.

”სააკაშვილს სჩვევია სხვადახვა მისთვის არასასურველი მოვლენების დროს პიარ-აქციებით პროცესების გადაფარვა, მათ ეს გამოცდილება აქვთ და დღეს ძალიან რეალური შანსია იმისა, რომ მათ მიმართონ ყველაზე ბინძურ ხერხს, რომ თავის ტყავის გადასარჩენად სააკაშვილმა გადაწყვიტოს, რომ ქვეყანა ომის ავანტიურაში ჩართოს,”- განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს 14:00 საათზე ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს და საზოგადოებას მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს.

Civil.Ge © 2001-2024