ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს
/ 28 Sep.'07 / 18:16
სივილ ჯორჯია

სპეცრაზმელები აქციის მსვლელობის დროს
მობილიზებულები იყვნენ. 
28 სექტემბერს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების მეორე დღეს, პარლამენტის წინ გამართული დაახლოებით ოთხსაათიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაიშალა.

ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობამ ისინი გაამხნევა და ამიტომაც კვლავ განაგრძობენ აქციებს ოქრუაშვილის დაპატიმრების წინააღმდეგ.

”დღეს იყო დიდი წარმატება,” - განუცხადა დეპუტატმა და ოქრუაშვილის პარტიის წევრმა გია ცაგარეიშვილმა Civil.Ge.-ს, ”დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ათი ათასი ადამიანის შეკრება”.

დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციამ შექმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც მომავალი გეგმების კოორდინირებას განახორციელებს.

”ახლა ეს კომიტეტი შეიკრიბება კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად,” - განუცხადა მან Civil.Ge.-ს, ”არა მგონია, ხვალ აქცია გავმართოთ, თუმცა საპროტესტო აქციებს აუცილებლად განვაგრძობთ”.

კომიტეტში შედიან კონსერვატორების, რესპუბლიკელების, ლეიბორისტული პარტიის, სახალხო პარტიის, საქართველოს გზისა და ასევე თანასწორობის ინსტიტუტის  წარმომადგენლები.

ახალმა მემარჯვენეებმა აქციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

”მე მინდა გულწრფელად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვერ და არ მივიღებთ ამაში მონაწილეობას. რა შეიცვლება, თუ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიას მაფიას ჩაანაცვლებს ახალი გვარები: ოქრუაშვილი, ქარელი, სუხიტაშვილი თუ ნოკოლეიშვილი... რა ეს ადამიანები აღარ დაიჭერენ, ფულს აღარ მოიპარავენ თუ ლიბერალურ დემოკრატიას ააშენებენ?”, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

საპროტესტო აქციაზე ისმოდა მოწოდებები ოქრუაშვილის გათავისუფლების და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

თავის მხარდამჭერთა სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელიც აქციაზე დეპუტატმა კოკა გუნცაძემ წაიკითხა, ოქრუაშვილმა ერთიანობისაკენ მოუწოდა.

”გაერთიანდით და იბრძოლეთ თქვენი უფლებების დასაცავად, იბრძოლეთ ამ ტირანის თავიდან მოსაცილებლად, ოღონდაც სამართლებრივი მეთოდებით,” აცხადებს ოქრუაშვილი წერილში.

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რაიმე მნიშვნელოვან ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ უმნიშვნელო შეხლა-შემოხლა მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს კეტავდნენ. 

დაახლოებით თორმეტი ავტობუსი სპეცრაზმელებით ვარდების მოედანზე იყო  მობილიზებული.

დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდეს იმ განცხადებების ფონზე, რომლითაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოუწოდეს ”თავიდან მოეშორებინათ” და ”დაემხოთ” სააკაშვილის რეჟიმი.

”გუშინ რამოდენიმეჯერ მოვისმინე ტერმინი ”დამხობა.” მინდა ყველა გავაფრთხილო, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და რამე ტიპის ძალადობისკენ არ წაუცდეს ხელი თორემ სახელმწიფოდ პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, იქნება უმკაცრესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ უმკაცრესი,”- განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

”საქართველოში ცეცხლი არ ანთია. ის ადამიანი, რომელიც შეეცდება ცეცხლი დაანთონ ქვეყანაში, მიიღებს ადეკვატურ პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან,” - განაცხადა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 28 სექტემბრის საპროტესტო აქციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

Civil.Ge © 2001-2024