პატარკაციშვილი ოქრუაშვილზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Sep.'07 / 16:10

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ”აბსოლუტურად ნორმალური, კარგი ურთიერთობები” აქვს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან.

”კომერსანტის” ცნობით, ეს ინტერვიუ 27 სექტემბერს საღამოს, ლონდონიდან თბილისში პატარკაციშვილის გამგზავრებამდე და ოქრუაშვილის დაპატიმრებიდან ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა. 

დაპატიმრებიდან ორი დღით ადრე ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ”პრეზიდენტ სააკაშვილს პატარკაციშვილის თავიდან მოცილება უნდოდა” იმ გზით, რა გზითაც ეს მოხდა რაფიკ ჰარირის შემთხვევაში - ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომელიც ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მოკლეს.

კითხვაზე, ეშინოდა თუ არა მას თბილისში დაბრუნება, პატარკაციშვილმა განაცხდა: ”რა თქმა უნდა, მეშინია. მაგრამ თუ არ ჩავალ, ჩემი თავის პატივისცემას დავკარგავ”.

”ოქრუაშვილს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა და ამ დონის ხალხი სიტყვებს ტყუილად არ ფანტავს, როგორც მე ვფიქრობ. მასთან ურთიერთობის გამოცდილება მეუბნება, რომ ის არ არის პიროვნება, რომლის ნდობაც არ შეიძლება,” - განაცხადა პატარკაციშვილმა ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ სად იქნება მისი ადგილი საპროტესტო აქციების შემთხვევაში, პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ის ”ხალხის გვერდზე დადგება”.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას და ოქრუაშვილს ერთნაირი შეხედულებები აქვთ მრავალ საკითხზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

”ჩვენ ორივეს მიგვაჩნია, რომ ეს უნდა მოხდეს ყველა მხარის ეკონომიკური დაინტერესების გზით. ეს არის ყველაზე სწორი გზა,” - განაცხადა პატარკაციშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი თავდაცვის მინისტრობის დროს არსებობდა გეგმა ”მცირემასშტაბიანი ოპერაციის განხორციელებისა მინიმალური დანაკარგებით”, რაც სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ისახავდა მიზნად. თუმცა, მისი თქმით, სააკაშვილმა თავი შეიკავა ამ გეგმის განხორციელებისგან.

Civil.Ge © 2001-2024