სააკაშვილი ოქრუაშვილზე კომენტარს აკეთებს და ერთიანობისკენ მოუწოდებს
/ 29 Sep.'07 / 17:59
სივილ ჯორჯია

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები ”სიცრუეა”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 სექტემბერს მისი ყოფილი მოკავშირის მიერ გაკეთებული სერიოზული ბრალდებების საპასუხოდ.

მისი თქმით, ოქრუაშვილის დაპატიმრება იყო ხელისუფლების ”ანტი-კორუფციული კამპანიის ნაწილის და პოლიტიკასთან მას საერთო არ აქვს”.

”ხელშეუხებელი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ,” - განაცხადა მან, ”ასეთი არის ჩემი მმართველობა და ასეთია ჩვენი მმართველობა - კანონის უზენაესობა და ყველასთვის თავისი ადგილის მიჩენა, ვინც დაარღვევს ამ კანონს”. 

”პრესა არის თავისუფალი საქართველოში, განსხვავებით ბევრი ადგილისგან. ყველას შეუძლია ილაპარაკოს რაც უნდა, რამდენიც უნდა, რამდენიც უნდა ლაფი გვასხან, მაგრამ  ეს ვერ გააჩერებს და ვერ დააშანტაჟებს იმ ხალხს, ვისაც სინდისი აქვს სუფთა,” - განაცხადა მან.

სააკაშვილის ეს განცხადება მმართველი პარტიის გავლენიანი ფიგურების მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების ანალოგიური იყო.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხმაურიანი, მაგრამ უსაფუძვლო ბრალდებების გამოთქმით ოქრუაშვილს სურდა ”რაღაც იმუნიტეტის და ხელშეუხებლობის სტატუსის შექმნა”.

მოგვიანებით, იმავე დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი დასავლეთ საქართველოში გაემგზვრა, სადაც ზემო კოდორის ხეობაში ახლადაშენებული გზის გახსნას დაესწრო.

მიუხედავად იმისა, რომ გზის გახნის ცერემონიალზე სააკაშვილს ოქრუაშვილი არ უხსენებია, მან რამდენიმე შენიშვნა გააკეთა, რომლებიც აშკარა პასუხი იყო 28 სექტემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

”საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს დამარცხება, როდესაც ის ერთიანია, აბსოლუტურად შეუძლებელია,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ მათ ისიც კარგად იციან, რომ ყოველთვის არის რაღაც პროცენტი მოღალატეებისა”. 

მან ასევე დასძინა, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მთავარი მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოს დასუსტება, რადგანაც შემდეგ ”ეს მოღალატეები გამოვიდნენ ასპარეზზე”.

”ნურას უკაცრავად. ჩვენ გვინდა ვუთხრათ ჩვენს მეგობრებსაც და ჩვენ არაკეთილმოსურნეებს: სხვა საქართველოა, სხვა ერია, სხვა გამოცდილებაა, სხვა სულიერი სიმტკიცეა დღეს საქართველოში,” - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სამოქალაქო ომმა და შიდა დაპირისპირებამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დააკარგვინა. მისი თქმით, ”მოღალატებმა და მათმა ამბიციებმა” ქვეყანა კატასროფამდე მიიყვანეს. 

Civil.Ge © 2001-2021