პოლიტიკური კრიზისი ყველასთვის წამგებიანია - აცხადებს პოლიტოლოგი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Oct.'07 / 11:14

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც წამგებიან სიტუაციას ქმნის, განაცხადა პოლიტოლოგმა, "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გია ნოდიამ.

სულ ცოტა რვა ოპოზიციური პარტია გაერთიანდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების წინააღმდეგ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. 28 სექტემბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციამ პირობა დადო, რომ მშვიდობიანი აქციებისთვის მეტი იმპულსის მისაცემად რეგიონებშიც დაიწყებს საპროტესტო კამპანიას.

გაზეთ ”24 საათში” 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით ”ცეცხლთან თამაში - ანუ ვინ მოიგებს წაგებულთა ომს”, ნოდია აცხადებს, რომ კრიზისი გარკვეულწილად ”დემოკრატიის უკან დახევას” გულისხმობს, რადგანაც ის კიდევ უფრო შეამცირებს ხალხის ნდობის დონეს პოლიტიკოსების მიმართ. ამავე დროს, ნოდია აცხადებს, რომ ეს ”ნორმალური პროცესია” ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გარდამავალი დემოკრატიის პირობებში იმყოფება.    

ნოდიას თქმით, ხელისუფლებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება დაარწმუნოს არა მხოლოდ ოპონენტები, არამედ მხარდამჭერებიც, რომ ოქრუაშვილი, რომელსაც ფულის გამოძალვა, ფულის გათეთრება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, მართლაც მისი უკანონო საქმიანობის გამო დააპატიმრეს და არა მისი ოპოზიციონერობის გამო.  

”კორუფციის ბრალდების შერჩევითი გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ - თუნდაც მაშინ, როცა მათი რეალური დამნაშავეობა დიდ ეჭვს არ იწვევს - საკმაოდ მძიმე ბრალდებაა მთავრობისთვის, რომელსაც ”დემოკრატიის შუქურად” ყოფნის პრეტენზია აქვს,” - წერს გია ნოდია.

მან ასევე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მხრიდან პრევენციული ზომა იყო პრეზიდენტზე იერიშის მიტანა მას შემდეგ, რაც áƒœáƒáƒ—ელი გახდა, რომ ხელისუფლება მის დაპატიმრებას გეგმავდა. ოქრუაშვილმა 25 სექტემბრის შუადღეს პრესკონფერენცია მოიწვია და ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს შეუტია. áƒ˜áƒ›áƒáƒ•áƒ” დილით áƒ™áƒ˜ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი დააპატიმრეს, რომელმაც მოგვიანებით, თავისუფლების სანაცვლოდ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. 

”ოქრუაშვილის დაპატიმრება ხელისუფლებისთვის მაქსიმალურად წამგებიანად მოხდა,” - განაცხადა ნოდიამ, ”ხელისუფლება ვერ გააბათილებს მარტივ თეზისს: ოქრუაშვილი შეიძლება დამნაშავეც იყოს, მაგრამ ის დაისაჯა არა ამის გამო, ან პირველ რიგში არა ამის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. ამ აზრის დამკვიდრება ხელისუფლების სერიოზული პოლიტიკური მარცხია”.

პოლიტოლოგმა მიანიშნა, რომ ხელისუფლებამ ”მაქსიმალურად უნდა აჩვენოს დემოკრატიული ნორმების ერთგულება აგორებულ საპროტესტო ტალღასთან ბრძოლაში”.

”ძნელია, თავშეკავებული რიტორიკისკენ მოუწოდო ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია კოლექტიურად მკვლელებს და ქურდებს ეძახის. მაგრამ მაინც არ მგონია, ოპოზიციისთვის ”მოღალატუკების” ძახილი ხელისუფლების ინტერესში იყოს,” - განაცხადა ნოდიამ.

29 სექტემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზოგიერთ ოპონენტს ”მოღალატუკები” უწოდა.

პოლიტოლოგი ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციაც არ გამოიყურება დამაჯერებლად. ”ხელისუფლებას ადვილად შეუძლია დაასაბუთოს, რომ ოქრუაშვილი მართლაც კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელია, ხოლო ოპოზიციონერები - უპრინციპო, მომთაბარე პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს იმავე ფიგურას იცავენ, ვის დასჯასაც გუშინ ყველაზე ხმამაღლა მოითხოვდნენ”.

ნოდიას თქმით, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ მოახერხა გაერთიანება კრიზისის პირობებში, რაც ერთის მხრივ, მათ მეტ ძალას ანიჭებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს გაერთიანება ოქრუაშვილის დროშის ქვეშ მოხდა ”პოლიტიკური აბსურდია”. 

”პატიოსანმა დემოკრატმა დაახლოებით ასეთი რამე უნდა თქვას: ღმერთმა დაიფაროს, რომ ოქრუაშვილი მართლა ხელისუფლებაში მოვიდეს, შესაძლოა, სწორედ ციხეა ის ადგილი, სადაც მას ყოფნა ეკუთვნის, მაგრამ ამ კონკრეტულ კონტექსტში მის მიმართ უსამართლობა მოხდა და ეს გვაშფოთებს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, გაერთიანებული ოპოზიცია ასეთ შეფასებაზე შეთანხმდეს? ძალიან მეეჭვება. რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ ”კოლექტიურ მმართველობაზე”, მას გმირები მაინც დასჭირდება - ერთადერთი გმირი კი ხელისუფლების დილეგში გამომწყვდეული ოქრუაშვილია,” - წერს ნოდია.

”დემოკრატიისთვის უდანაშაულო წამებული რაინდის მითზე უარის თქმა სერიოზულად შეამცირებს საპროტესტო ტალღის აგორების შანსებს, მაგრამ მისი გამოყენება ნდობას დაუკარგავს იმ ხალხის თვალში, ვისაც დემოკრატიაზე რაღაც წარმოადგენა აქვს... ამ დილემის გადაწყვეტა ისე, რომ ერთიანობა შენარჩუნებული იქნეს, იოლო არ იქნება,”- დასძენს იგი.  


 

Civil.Ge © 2001-2024