უსუფაშვილი ქართული საზოგადოების შესაძლო ”ანტი-ამერიკულ პოზიციაზე” საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Oct.'07 / 14:32

თუ აშშ-ს ადმინისტრაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებაში კონკრეტული პიროვნებების ბრმად მხარდაჭერას, ”ანტი-ამერიკული პოზიცია ქართულ მოსახლეობაში გაიზრდება,” განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 2 ოქტომბერს.

”სწორედ ეს არის, რაც ჩვენ განვუცხადეთ აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს,” - განუცხადა მან რადიო ”იმედს”.

დავით უსუფაშვილი, ასევე ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია გასულ კვირას ვაშინგტონში იმყოფებოდნენ. 28 სექტემბერს ნიქსონის ცენტრში გამოსვლისას სამივე ლიდერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

უსუფაშვილის თქმით, აშშ-ს ადმინისტრაციაში ”პრაგმატული ხალხია” და მათ ”კარგად ესმით, რომ საქართველოს წარმატების მაგალითი შესაძლოა წარუმატებლად გადაიქცეს და მათ ეს აშფოთებთ”.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები განხილულ იქნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრაზე.

”შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ის კონფიდენციალური იყო; თუმცა, შემიძლია განვაცხადო, თუ რა მითხრა ბატონმა ბრაიზამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე,” - განაცხადა უსუფაშვილმა, ”მან თქვა, რომ ბოლო დროინდელი მოვლენები შეცდომა იყო”.  

 

Civil.Ge © 2001-2024