ბურჯანაძე მთავრობას საკადრო პოლიტიკის გადახედვას ურჩევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Oct.'07 / 10:33
სივილ ჯორჯია

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმემ დაადასტურა მთავრობის საკადრო პოლიტიკის ”სერიოზული გადახედვის და სერიოზული ანალიზის” საჭიროება, რომელიც, მისი თქმით, სერიოზული ხარვეზებითაა გაჯერებული.

ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ 3 ოქტომბერს გაკეთებულ თავის პირველ განცხადებაში, ბურჯანაძემ ოპოზიციას ”სერიოზული დიალოგისკენ” მოუწოდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით.

ბურჯანაძემ, რომელიც გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ გახმოვანებული ბრალდებები ”აბსოლუტურად აბსურდულია”.

”აქ არის მხოლოდ ორი სწორი გამოსავალი: ან მან უნდა áƒ“აამტკიცოს ის ბრალდებები, რომელიც მან გამოხატა და მოიტანოს თუნდაც ერთი არგუმენტი დამამტკიცებელი იმისა, რაც მან თქვა, ან მან უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კონკრეტული ბრალდებების გამო,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

”ის ფაქტი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამდენი ხნის გამო იკავებდა ხელისუფლებაში უმაღლეს თანამდებობას, მათ შორის იმ პერიოდში, რომელზეც ის თავის ბრალდებებში საუბრობდა, ბუნებრივია, გახლავთ ხელისუფლების საკადრო შეცდომა,” - დასძინა მან.

”საკადრო პოლიტიკაში” შეცდომების შესახებ ბურჯანაძის ეს განცხადება მნიშვნელოვანია მის მიერ მთავრობაზე ცოტა ხნის წინ განხორციელებული იერიშის ფონზე, როცა მან მწვავე პრეტენზიები გამოხატა ყოფილი ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენის გამო.

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა: ”მე ვფიქრობ, რომ მთავრობის საკადრო პოლიტიკა -  სწორედ ამ [ოქრუაშვილის] მაგალითის საფუძველზე - საჭიროებს სერიოზულ განხილვას და სერიოზულ ანალიზს”.
 
ბურჯანაძის თქმით, ასევე ხელისუფლების შეცდომაა ის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული რეაგირება არ მოახდინეს ოქრუაშვილის სავარაუდო უკანონო საქმიანობაზე.

”ასევე შეცდომად მიმაჩნია ის გარემოება, რომ დროულად არ იქნა გამოვლენილი და ადეკვატური ზომები მიღებული იმ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დღეს გვესმის ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

შემდეგ მან ოპოზიციაზეც გააკეთა კომენტარი და ოპოზიციურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა.

”დავიწყოთ სერიოზული პოლიტიკური დიალოგი, დავიწყოთ სერიოზული ფიქრი იმ კონკრეტული მექანიზმების შექმნაზე, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ ყველა მიმართულებით რეფორმა, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გაძლიერდეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები, გაძლიერდეს რწმენა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ეს ერთად გასაკეთებელი საქმეა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება ამ მიმართულებით,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

”კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის ინტერესებისათვის პოლარიზაცია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, პოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის, პოლარიზაცია სახელისუფლებო ან ოპოზიციურ პარტიებს შორის,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

”თუმცა, ერთიანობა არ ნიშნავს განსხვავებული აზრის არქონას,” - განაცხადა ბურჯანაძემ და საქართველოს პატრიარქის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების ციტირება გააკეთა: ”განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, მაგრამ განსხვავებული აზრი არ უნდა გადადიოდეს მტრობასა და შუღლში”. 

Civil.Ge © 2001-2024