კირკიტაძე: საქართველო გადაურჩა კარგად ორგანიზებულ შეთქმულებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Oct.'07 / 18:48

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ”საქართველო გადაურჩა კარგად ორგანიზებულ შეთქმულებას”, რომლის ავტორიც, მისი მინიშნებით, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყო.

ეს განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა, რომელიც კანცელარიაში მიმდინარეობს.  

”კარგად ორგანიზებული სახელმწიფო შეთქმულება იყო აი ამ ადამიანის მიერ დაგეგმილი,”- განაცხადა კირკიტაძემ მიუთითა რა ბადრი პატარკაციშვილის გამოსახულებით კარიკატურულ ნახატზე.

ჟურნალისტების კითხვაზე აქვს თუ არა მას შესაბამისი მტკიცებულებები, კირკიტაძემ განაცხადა: ”კი, კი ძალიან ბევრი”.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებებთან დაკავშირებით, რომელიც მან პროკურატურას მისცა. ოქრუაშვილმა აღიარა, რომ ის პატარკაციშვილთან შეთანხმებით მოქმედებდა და სიცრუე იყო მისი ადრინდელი განცხადება, თითქოს პრეზიდენტმა დაუკვეთა მას პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. ეს ბრალდება, ოქრუაშვილის განცხადებით, მისი და პატარკაციშვილის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზანს ემსახურებოდა.  ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პატარკაციშვილი ტელეკომპანია ”იმედის” სახით მას თანადგომას დაპირდა.

”შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაძლო არის, კანონის მიმართ ყველა თანასწორია და ყველას მიმართ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები,”- განაცხადა ბეჟაშვილმა. 

თუმცა ბეჟაშვილის მოადგილე, დეპუტატი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ პატარკაციშვილის მიმართ ”სამართლებრივი დევნა ძალიან მკვეთრი გამონათქვამია და არავინ ამის [ოქრუაშვილის განცხადებების] გამო მას დევნას არ დაუწყებს”.

Civil.Ge © 2001-2024