ოქრუაშვილის აღიარებამ პატარკაციშვილზე იერიში განაპირობა
/ 10 Oct.'07 / 11:20
სივილ ჯორჯია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის აღიარების  შემდეგ, ხელისუფლებამ გააძლიერა აგრესიული რიტორიკა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი მოგვარებულია. თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის აღიარებითი ჩვენება არ ცვლის მათ გეგმებს 2 ნოემბერს საპროტესტო აქციის გამართვის თაობაზე.

ირაკლი ოქრუაშვილი 9 ოქტომბერს დილით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მან აღიარა დანაშაული გამოძალვისა და გულგრილობის თაობაზე თავდაცვის მინისტრობის პერიოდში და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დაპატიმრებამდე გაკეთებული ბრალდებებიც უარყო.

ტელეკამერებმა აღბეჭდეს როგორ დაბრუნდა ოქრუაშვილი ციხიდან მისი ახალი ადვოკატისა და სამართალდამცავების თანხლებით თავის ბინაში. ჟურნალისტებმა მას კომენტარი სთხოვეს, თუმცა ოქრუაშვილმა, რომელიც დაღლილი და გაღიზიანებული ჩანდა, მათი მიკროფონები უხეშად მოიგერია და სახლში შევიდა.

იმავე დღეს, მოგვიანებით, ოქრუაშვილი მისმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა: ”მომეჩვენა, რომ არაადეკვატური იყო”. ეს განცხადება აშკარა მცდელობა იყო იმისა, რომ გამყარებულიყო ადრე გამოთქმული ვერსია იმის თაობაზე, რომ ოქრუაშვილმა აღიარებითი ჩვენება ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ან გამომძიებლების მხრიდან წამებისა და ზეწოლის შედეგად მისცა. 

იუსტიციის სამინისტრომ უარყო ეს მოსაზრებები და 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა შეამოწმა და დაასკვნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ ოქრუაშვილმა არ იცის თუ ვინ გადაიხადა 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაო მისი ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ. მისი თქმით, შეხვედრისას ოქრუაშვილის მხრიდან ასევე გამოიკვეთა პოზიცია, რომ მას პოლიტიკიდან წასვლას აიძულებდნენ.

იმავდროულად, გაერთიანებული ოპოზიცია თავის კამპანიას განაგრძობს, რომლის ძირითადი მოთხოვნაა 2008 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნების გამართვა.

”ოპოზიცია მყარი და ერთიანია,” - განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”ჩვენ ოქრუაშვილის დროშის ქვეშ არ გავერთიანებულვართ, ჩვენ გვინდა, რომ მოვაგვაროთ პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ბოლო სამი წლის მანძილზე აწუხებს”.

”არა აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ოქრუაშვილი,” - დასძინა მან, ”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მიერ დასმული შეკითხვები ჟვანიას გარდაცვალების, გირგვლიანის საქმის და ბევრი სხვა პრობლემის შესახებ პასუხის გარეშე რჩება ხელისუფლების მხრიდან. არავის უნდა ეგონოს, რომ კითხვები გაქრება იმის მიხედვით, თუ რას იტყვის ოქრუაშვილი”.

ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოპოზიციაც და ოქრუაშვილიც ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ”გამოიყენა ინტრიგების ხლართვისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისთვის”, ასევე ქართულ პოლიტიკაში საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის.

8 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, რომ თითქოს პრეზიდენტი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები მისთვის და პატარკაციშვილისთვის ”პოლიტიკური დივიდენდების” მიღებას ისახავდა მიზნად.

”აშკარაა, რომ ეს იყო შეთქმულება და ქვეყნის დესტაბილიზაციის ღია მცდელობა,” - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ, ”წავიდა ის დრო, როდესაც საქართველოს ოლიგარქები, ავანტიურისტები და კონსპირატორები მართავდნენ. სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციამ ეს ვერ გაიგო”.

შემდეგ არველაძემ პატარკაციშვილი გააკრიტიკა და მის მედია ჰოლდინგზე ”იმედზე” მიიტანა იერიში.

”ბოლო წლების მანძილზე პატარკაციშვილის მთავარი მიზანი იყო უიმედობის დათესვა საზოგადოებაში თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით,” - განაცხადა არველაძემ, ”იდეოლოგიურად, ტელეკომპანია ”იმედი” არის პირდაპირი მემკვიდრე   [აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან] აბაშიძისა, რომელიც ცდილობდა თავისი მმართველობის გაძლიერებას მის სამფლობელოში თავისი ტელევიზიის საშუალებით. ასლანის ნაცვლად ახლა ჩვენ გვყავს ბადრი [პატარკაციშვილი] და ახლა არის მცდელობა, რომ მთელი ქვეყანა გადაიქცეს მის პირად სამფლობელოდ. მისი ტელეკომპანია ”იმედი” ერთადერთ მიზანს ემსახურება: უიმედობის დათესვას”.

არველაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ”ქვეყანას შეუძლია ნებისმიერი კრიზისის დაძლევა და ამ კრიზისის დაძლევის პროცესში საქართველო კიდევ უფრო ძლიერდება”.  
 
გავლენიანმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერიამ 9 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატარკაციშვილი მუდმივად ”სკანდალების გარემოცვაშია”. 

”მისი დაცვის ყოფილი წევრი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი,” - განაცხადა ბოკერიამ. იგი KGB-ს ყოფილ ოფიცერს, ანდრეი ლუგოვოის გულისმხობდა, რომელიც KGB-ს ასევე ყოფილი ოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის ბრალდებით იძებნება ლონდონის მიერ.

თუმცა, ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბოლო დროს გახმოვანებული ბრალდებები არ ნიშნავს, რომ მას ”საქართველოს ხელისუფლება დევნის”.

”ჩვენ ვიცით, სადაც დევნიან მას,” - განაცხადა ბოკერიამ. იგი რუსეთს გულისხმობდა, სადაც პატარკაციშვილზე მისი უკანონო საქმიანობის გამო ძებნაა გამოცხადებული.

იმავდროულად, ტელეკომპანია ”იმედის” პროგრამა ”ღია ეთერმა” 9 ოქტომბერს განაცხადა: ”იმედის და მისი თანამფლობელის ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიამ საზარელ მასშტაბებს მიაღწია”. ამის საბუთად დასახელდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება პატარკაციშვილისთვის კომიტეტის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ”მმართველი პარტიის პირდაპირი ჩარევის” შედეგად.

”თუ მთელი ეს ვაქხანალია ირაკლი ოქრუაშვილის ირგვლივ ემსახურებოდა იმას, რომ ბადრი პატარკაციშვილის და ტელეკომპანია ”იმედის” დევნა დაწყებულიყო, მაშინ ეს არის ძალიან არაგონივრული და არადემოკრატიული ნაბიჯი,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ 9 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე.

ბოლო ორი წლის მანძილზე ეს უკვე მეორედ დაუპირისპირდა ხელისუფლება პატარკაციშვილს. გასული წლის მარტში პატარკაციშვილმა ხელისუფლება ტელეკომპანია ”იმედზე” ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ პატარკაციშვილს ”საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟების” მცდელობაში დასდო ბრალი.

Civil.Ge © 2001-2024