პატარკაციშვილი ბოლოდროინდელ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Oct.'07 / 12:50

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვტილება მისი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე უკანონო იყო და რომ იგი ამ áƒ—ანამდებობაზე თავისი მოვალეობების განხორციელებას განაგრობს.
 
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბადრი პატარკაციშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება 9 ოქტომბერს შეუჩერა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე მმართველი პარტიის წევრებმა პატარკაციშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ ”ინტრიგების ხლართვაში” დაადანაშაულეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეშვეობით.

BBC-ს რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს ეს გადაწყვეტილება ”მოსალოდნელი იყო”.

”სხვადასხვა სპორტის ფედერაციების პრეზიდენტები გუშინ ღამე [8 ოქტომბერს] სასწრაფოდ შეკრიბეს [თბილისის] მერიის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში და უთხრეს მათ სასწრაფოდ დაენიშნათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა,” - განაცხადა პატარკაციშვილმა.

”ყველა პროცედურა დაირღვა... ამრიგად, მე არ ვიხსნი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობებს; მე ვაგრძელებ ჩემი მოვალეობების შესრულებას, სანამ არ მოგვარდება ყველა პროცედურული საკითხი,”- აღნიშნა მან.

პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ შეტევა მის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უარყო მისი ბრალდებები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მისი განცხადებები მისთვის და პატარკაციშვილისთვის ”პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას” ისახავდა მიზნად.  

პატარკაციშვილის თქმით, ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი ”დამთრგუნველი” იყო, ”მე ვფიქრობ, ამორალურია ასეთი ჩანაწერის ჩვენება ციხიდან”.

მან ხაზი გაუსვა, რომ ”ნორმალური, მეგობრული ურთიერთობები” აქვს ოქრუაშვილთან. ”ვერ ვიტყვი, რომ ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთს რამდენიმე თვეში ერთხელ ვხვდებით. ეს ტენდენცია მას შემდეგ გრძელდება, რაც მან მთავრობა დატოვა”.

”მე მქონდა ინფორმაცია, რომ ის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავდა. ეს ინფორმაცია მან თავად მომაწოდა. ასევე ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ოპოზიციური და არა სახელისუფლებო პარტია,” - განაცხადა პატარკაციშვილმა.

ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ ეშინია რუსეთში მისი შესაძლო ექსტრადიციის.

”არ მეშინია ექსტრადიციის, რადგანაც არსებობს კონსტიტუცია [საქართველოში], რომლის დარღვევაც არ შეიძლება; მეორე მხრივ, ბრალდებები ჩემს წინააღდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია,” - განაცხადა მან.

თავის მომავალ გეგმებზე საუბრისას პატარკაციშვილმა განაცხადა: ”ვფიქრობ, რომ საქართველოში აშენდება ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო და ვფიქრობ, საქართველო მალე იპოვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზას. მე განვაგრძობ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდი: იმ პროცესების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო ასეთი [ქვეყანა] გახდეს”.

 

Civil.Ge © 2001-2024