სანაპირო დაცვამ აფხაზური ”კონტრაბანდით” დატვირთული გემი დააკავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Oct.'07 / 15:22

21 ოქტომბერს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, "ცხელ კვალზე" დევნისას კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი - "ჟეზაბელ 2" დააკავა.

სანაპირო დაცვის სარადარო სისტემამ დააფიქსირა, რომ გემი, რომლის ეკიპაჟში 7 აზერბაიჯანის, 6 – უკრაინის და 1 რუსეთის მოქალაქეა, რამდენიმე დღის წინ ოჩამჩირის პორტში შევიდა და კონტრაბანდული საქონლით - 1800 ტონა ქვანახშირით დაიტვირთა, იტყობინება სასაზღვრო პოლიცია.

საქმე აღძრულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდული საქონლის გადატანისა და ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე. მსგავსი ბრალდებებით საქართველოს სანაპირო დაცვამ წელს უკვე მეორე გემი დააკავა.

Civil.Ge © 2001-2024