ოპოზიციამ სამეგრელოში კამპანია გამართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Oct.'07 / 11:12

საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნულმა საბჭომ 28 ოქტომბერს სამეგრელოში აქცია გამართა, სადაც მოსახლეობას 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციაში მონაწილოებისკენ მოუწოდა.

თუმცა, ოპოზიციის აქციას სამეგრელოში ისეთ მშვიდ გარემოში არ ჩაუვლია, როგორც სხვა რეგიონებში.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში ოპოზიციის აქცივისტებს, რომლებიც გამგეობის წინ აქციას მართავდნენ, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კვერცხები დაუშინა, რომელთაც შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერებთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ. ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიაყენა რამდენიმე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრს გიორგი ხაინდრავას  და დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს კონსერვატორული პარტიიდან.

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ჯგუფმა 27 ოქტომბერს გააფრთხილა ოპოზიციის ლიდერები, კერძოდ კი რესპუბლიკური პარტია და გიორგი ხაინდრავა არ ჩასულიყვნენ ზუგდიდში. ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რესპუბლიკელებს თავიანთი წვლილი მიუძღვით გამსახურდიას ჩამოგდებაში.

პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ ხელისუფლება და სამართალდამცავი სტრუქტურები დაანაშაულა ”პროვოკაციის” მოწყობაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის და ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის შეხლა-შემოხლა წალენჯიხაშიც მოხდა, სადაც ოპოზიციის აქცივისტები ზუგდიდში ჩასვლამდე იმყოფებოდნენ.

”ეს იყო პროვოკატორების მცირე ჯგუფი, რომელთაც ვერ შეძლეს ჩვენი აქციის ჩაშლა,” - განაცხადა გიორგი ხაინდრავამ, ”დღეს ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში”.

 

Civil.Ge © 2001-2024