თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით დატოვა, რაზეც პროცესის მწარმოებელი ორგანოს თანხმობა მიიღო, განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანაში გაემგზავრა ოქრუაშვილი, ან რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება მას. დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ აიძულა ოქრუაშვილი ქვეყანა დაეტოვებინა, რათა ის 2 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ დასწრებოდა. ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ 1 ნოემბერს ასევე განაცხადა, რომ პროკურატურა ოქრუაშვილთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა. ”ამჟამად, ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, პროცესის მწარმოებელი ორაგონოს მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს,” - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. |
|||
Civil.Ge © 2001-2025