საპროტესტო აქციის ფონზე ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს
/ 2 Nov.'07 / 21:20
სივილ ჯორჯია

ათობით ათასი საპროტესტო აქციის მონაწილე
პარლამენტის წინ, 2 ნოემბერს.
ფოტო: Civil.Ge/გურამ მურადოვი
არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე გაიმართება, ნაცვლად გაზაფხულისა, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს - ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

”ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია: ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორია, რომ არჩევნები ჩატარდეს დათქმულ დროს ანუ შემოდგომაზე, რომლის ვადასაც ჩვენ აუცილებლად წინასწარ გამოვაცხადებთ,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ” ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია და პრეზიდენტის პოზიცია”.

მან ასევე განაცხადა, რომ მან ეს საკითხი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ  პრეზიდენტთან გადაამოწმა. ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა ბურჯანაძის განცხადების შემდეგ Civil.ge-ს განუცხადა, რომ ოპოზიციას სურს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავად გამოვიდეს და გამოხატოს თავისი პოზიცია.

ბურჯანაძესთან შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა, თინა ხიდაშელი და დავით ბერძენიშვილი  - რესპუბლიკელები, კახა კუკავა -კონსერვატორი, კოკა გუნცაძე - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ლევან გაჩეჩილაძე.

მმართველი პარტიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები გიგა ბოკერია, მაია ნადირაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ სთხოვეს პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციის მოთხოვნები პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადაეცა.

”მან გვითხრა, რომ ამას გააკეთებს და გვაცნობებს პრეზიდენტის პოზიციის შესახებ,” - განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ ბურჯანაძეს და მაჭავარიანს ბევრი არ უსაუბრიათ თავიანთი პოზიციის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

”თუმცა, ბოკერიამ და ნადირაძემ ნათლად მიანიშნეს, რომ ისინი არ აპირებენ კომპრომისზე წასვლას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით,” - დასძინა ხიდაშელმა.

თუმცა, შეხვედრის შემდეგ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ”ტყუილია, რომ მან საკუთარი პოზიცია არ გამოხატა”.

მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები ”მოვიდნენ არა დიალოგისთვის, არამედ ისინი ულტიმატუმებით მოვიდნენ; მათ დიალოგი არ უნდათ, ამ ეტაპზე მაინც”.

შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ”არცერთი ხელისუფლება, რომელიც თავის თავს და საკუთარ ქვეყანას პატივს სცემს,  გადაწყვეტილებას არ იღებს ულტიმატუმების ან მიტინგების ფონზე”.

”ულტიმატუმია, როდესაც ისინი გვეუბნებიან: თქვენ უნდა განიხილოთ ჩვენი ოთხივე მოთხოვნა, თუ არადა დიალოგი არ იქნება,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

ათი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილ კოალიციას ოთხი მოთხოვნა აქვს:
 
• პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში - 2008 წლის გაზაფხულზე;
• არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;
• მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე;
• გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები. 

ამასობაში, ათიათასობით ადამიანი პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას განაგრძობს.

ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოების მოთხოვნები ”უფრო რადიკალურია”, ვიდრე ოპოზიციის.

Civil.Ge © 2001-2024