ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Nov.'07 / 17:40

”იმედი” საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში
გადასცემს.
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა დააყენეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მათი ოთხი მოთხოვნის შესრულების თაობაზე დათმობებზე არ წავიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციამ რამდენიმე საათიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

”ეს სახალხო მოძრაობა ამატებს თავის მოთხოვნებს მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ,”- განაცხადა დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, ”ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო დაემშვიდობოს მიხეილ სააკაშვილს”.

”ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ აღასრულა ქართველი ხალხის ნება და მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის გადადგმის მოთხოვნა გახდეს მთავარი ამოცანა,”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

”ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ძალიან სერიოზული განსჯა,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ” და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ პრეზიდენტს აღარ აქვს ლეგიტიმაცია, ხალხის მხარდაჭერა”.

აქამდე ოპოზიცია ”ზომიერ მოთხოვნებს” აყენებდა: საპარლამენტო არჩევნების გამართვა გაზაფხულზე, ნაცვლად შემოდგომისა; საარჩევნო კოდექსში ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის და მაჟორიტარული სისტემის შეცვლა; პოლიტპატიმარ ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება. თუმცა ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ხალხს გაცილებით რადიკალური მოთხოვნები ჰქონდათ.

”ამ ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობდით ყველაზე უფრო ცივილიზებულ, ყველაზე უფრო მშვიდობიან და დემოკრატიულ გზას კრიზისის დაძლევის  - არჩევნებს, ”- განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”მაგრამ ეშინია სააკაშვილს არჩევნების, ეშინია იმ ხალხის, რომელმაც მოიყვანა. ეშინია იმიტომ, რომ მოძალადეა, კორუმპირებულია, მის ხელისუფლებას ახალგაზრდა ბიჭების სისხლში აქვს ხელი გასვრილი”. 

იმავდროულად, ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოუწოდეს მოსახლეობას საპროტესტო აქციაში აქტიური მონაწილეობისაკენ, რადგან ”ჩვენ უნდა მივიღოთ ის რაოდენობა, რამდენიც გუშინ [2 ნოემბერს აქციაზე] ვიყავით”.

აქციაზე ისმის სკანდირება: ”წადი, წადი”; ”გადადექი, გადადექი”.  

Civil.Ge © 2001-2024