სააკაშვილის დუმილის ფონზე საპროტესო აქციის მესამე დღე დაიწყო
/ 4 Nov.'07 / 13:41
სივილ ჯორჯია

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიანიშნა, რომ მიუხედავად  მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თაობაზე წამოყენებული მოთხოვნისა, პრეზიდენტს კვლავ აქვს შანსი, რათა “თავი გადაირჩინოს”, თუ ის ჩამოიშორებს ზოგიერთ პოლიტიკოსს თავისი გარემოცვიდან.

ათი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ, რომელიც აქამდე ოთხ ე.წ. “ზომიერ მოთხოვნას” აყენებდა, 3 ნოემბერს თავის კამპანიას ახალი იმპულსი შესძინა და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა. აქამდე ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ საზოგადოების მოთხოვნები ბევრად უფრო რადიკალური იყო ვიდრე ის საკითხები, რომლის გატანასაც ოპოზიცია თავიდან ცდილობდა. 

3 ნოემბერს დილით ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა უნდა გამხდარიყო. პარტია ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ეს განცხადება არ იყო შეთანხმებული კოალიციის სხვა წევრებთან, რომლებსაც ერთიანი სტრატეგიით მოქმედებაზე არიან შეთანხმებულები. მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერებმა áƒ”რთსაათიანი კონსულტაციების შემდეგ განაცხადეს, რომ ერთობლივად მოითხოვენ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას.

3 ნოემბერს პოლიტიკოსებმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც კოალიციაში შედარებით ზომიერ ჯგუფად მიიჩნევა, გააკეთეს განცხადებები, სადაც ჩანდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მოლაპარაკებებისთვის შანსს უტოვებდნენ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს კვლავ აქვს შანსი სწორი არჩევანი გააკეთოს ხალხის სასარგებლოდ. “მან უნდა გააკეთოს არჩევანი თავის ხალხსა და თავის გარემოცვას შორის,” – განაცხადა მან.

სააკაშვილის გარემოცვაზე საუბრისას, ოპოზიციის ლიდერები ძირითადად გავლენიან დეპუტატზე გიგა ბოკერიაზე და მის მოკავშირეებზე საუბრობენ როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში. მათ შორის არიან განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია და თბილისის მერი გიგი უგულავა. ეს ის პირები არიან, რომლებიც ოპონენტთა განცხადებით, ოპოზიციასთან მიმართებაში ყოველგვარი კომპრომისის წინააღდეგ გამოდიან.

დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა: “პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია გადარჩეს, თუ ის გაითავისუფლებს თავს ბოკერიას, [შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო] მერაბიშვილის და სხვების მძევლობიდან”.

უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა ”კეთილგონიერი პიროვნებების” არსებობაზე ხელისუფლებაში, “რომელთაც შეუძლიათ სწორად შეაფასონ სიტუაცია და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ”.

მან აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეუძლია “მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არსებული დაძაბულობის განმუხტვაში”.

“თუმცა, ასე რომ მოიქცეს, მან რისკიანი ნაბიჯი უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ის, რომელიც არის მეორე პირი ქვეყანაში პრეზიდენტის შემდეგ – გაუმკლავდება ამ პასუხისმგებლობას,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასობაში, პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ დუმილს ინარჩუნებს. ბოლოს ის საჯაროდ 1 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც თბილისში მაღალი რანგის კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით. სააკაშვილის უახლოესმა მოკავშირეებმა მისი ადმინისტრაციიდან ოპოზიციის მოთხოვნებს  “არასერიოზული” უწოდეს და “შანტაჟის” მცდელობად შეაფასეს. 

Civil.Ge © 2001-2024