ოქრუაშვილი პოლიტიკურ არენაზე ბრუნდება
/ 6 Nov.'07 / 12:17
სივილ ჯორჯია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 5 ნოემბერს საღამოს მოულოდნელად გამოჩნდა და ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის დროს ის აიძულეს უარი განეცხადებინა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უკვე შეაფასეს ოქრუაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია ”იმედთან”, როგორც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მცდელობა ახალი იმპულსი შესძინოს, მათი თქმით, უკვე დასუსტებულ დემონსტრაციებს.  

ოქრუაშვილი, რომლის მიერ ერთი თვის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული ხმამაღალი ბრალდებები ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციების კატალიზატორი გახდა, საჯაროდ პირველად გამოვიდა მას შემდეგ, რაც 9 ოქტომბერს გირაოთი იქნა გათავისუფლებული ციხიდან. იგი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მინისტრობის დროს ფულის გამოძალვაში და სამსახურეობრივ გულგრილობაში დანაშაული აღიარა და სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, áƒ›áƒáƒ— შორის ის, რომ áƒžáƒ áƒ”ზიდენტმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა, უარყო.   

5 ნოემბერს მიუნჰენიდან პირდაპირი ჩართვის დროს მან განაცხადა: ”ადამიანური ფაქტორები იქნა გამოყენებული ჩემს გასატეხად”. მიუხედავად იმისა, რომ მან არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა, მან უარყო ის ვარაუდები, რომ რაიმე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მისცა აღიარებითი ჩვენება.

”მე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც იმედი გავუცრუე იმ იძულებითი ჩვენების გამო, რომელიც მთელმა საქართველომ იხილა და რომელიც ციხეში იყო მიცემული,” - განაცხადა მან, ”ყველა ის ფაქტი, რომელიც მე მოვიყვანე სააკაშვილის შესახებ სიმართლეა. მაგრამ მე ვერ შევძლებ მათ დამტკიცებას საქართველოში არსებული მართლსაჯულების პირობებში... თუმცა, ერთი კვირის მანძილზე ნებისმიერ დამოუკიდებელ სასამართლოში შევძლებ დავამტკიცო ეს ბრალდებები”.

თავისი განცხადების დასამტკიცებლად მან ქაღალდების შეკვრა წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით სატელეფონო საუბრების ჩანაწერები იყო სხვადასხვა ”მინისტრებს, დეპუტატებს და მოსამართლეებს” შორის 2005 და 2006 წლებში.

”ეს სატელეფონო საუბრები [შინაგან საქმეთა სამინისტროს] კონსტიტუციური უსაფრთხოების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების მიერაა ჩაწერილი. მე გავუგზავნი ამ ჩანაწერებს ქართულ გაზეთებს,” - განაცხადა ოქრუაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა, რას ეხებოდა ეს ჩანაწერები.

მან ასევე განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მასთან რამდენიმე მინისტრი და მაღალჩინოსანი მივიდა - მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია - რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ის წასულიყო პოლიტიკიდან.

”ეს არის ის, რასაც ისინი მოითხოვდნენ ჩემგან. ისინი ზეწოლას ახორციელებდნენ, თუმცა ასევე მომხიბვლელ წინადადებებსაც მთავაზობდნენ სანაცვლოდ,” - განაცხადა ოქრუაშვილმა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ოქრუაშვილი 10 მილიონი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული. თუმცა, ოქრუაშვილმა განაცხადა, არც მას, არც მის რომელიმე მეგობარს ან მოკავშირეს არ გადაუხდია ეს თანხა. მისი თქმით, ათ მილიონიანი გირაოს დიდი ნაწილი ”სააკაშვილის კარის ბიზნესმენმა” თამაზ ნიჟარაძემ გადაიხადა, რომლის áƒ‘იზნესი, ოქრუაშვილის თქმით,  ფოთის პორტთანაა დაკავშირებული.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ის სამართალდამცავებმა ”ძალით მიიყვანეს აეროპორტში” და ჩასვეს თვითმფრინავში. ”სხვათაშორის, კარგი იქნება, თუ ვინმე ჰკითხავს საფრანგეთის ელჩს [საქართველოში] რა ვითარებაში გაიცა ვიზა ჩემთვის,” - დასძინა მან.

ოქრუაშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აქციის მონაწილეებს ”გამძლეობისკენ” მოუწოდა.

”მე მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანის, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე იმყოფება,” - განაცხადა მან, ”მე ახლა იქ უნდა ვიმყოფებოდე მათთან ერთად და მიწევს სადღაც მიუნჰენში ყოფნა... საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენ შემოგვთავაზა თამაში, რომელსაც ჰქვია გამძლეობის თამაში... მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ბოლო ოცი საუკუნის მანძილზე ჩვენი ხალხი თამაშობს გამძლეობის თამაშს და ქართველ ხალხს ეს თამაში ოცი საუკუნის მანძილზე არ წაუგია და სააკაშვილი არ არის ისეთი დიდი პიროვნება, რომ ამ თამაშით ხალხი გატეხოს”.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ოქრუაშვილის ინტერვიუს პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე უყურებდნენ.

ოქრუაშვილმა ასევე მიანიშნა, რომ ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს მცდელობები, რათა ახალი იმპულსი შესძინოს საპროტესტო აქციებს. ”რესურსები უნდა გაძლიერდეს,” - განაცხადა მან.

”მე კონსულტაციებს ვმართავ გაერთიანებულ ოპოზიციასთან, თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს ეს,” - განაცხადა ოქრუაშვილმა, ”ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ [ხელისუფლებას] ბევრი აქვთ დასაკარგი... მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ძალის გამოყენებაც”.

მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს, ”რადგანაც ეს ქართველი ხალხის ნებაა”. თუმცა, ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს ერთიანობა ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და არ გულისხმობს, რომ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა ერთობლივ კამპანიას ახორციელებენ, არჩევნებშიც ერთად უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ოქრუაშვილმა ასევე უარყო მმართველი პარტიის განცხადება, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ის ბიზნესმენ პატარკაციშვილთან ერთად მონაწილეობდა. ”მე ადრე დროდადრო მქონდა მასთან კონტაქტები. მე არ მინახავს ის ჩემი გათავისუფლების შემდეგ და ერთობლივი პოლიტიკური ქმედებები არასდროს დაგვიგეგმავს,” - განაცხადა მან.

”მე სააკაშვილის რეჟიმის გამო გავხდი იძულებითი პოლიტიკური ლტოლვილი, თუმცა მე იმედს არასდროს არ დავკარგავ, რომ საქართველოში დავბრუნდე სრულფასოვნად,” - განაცხადა ოქრუაშვილმა, ”მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: როგორ მოგაშორო შენ [სააკაშვილს მიმართა] ხელისუფლებას”.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ოქრუაშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადეს, რომ ეს იყო აშკარა მცდელობა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებისთვის ახალი იმპულსის შეძენისა.

”ნათელია, რომ ოქრუაშვილის გამოჩენის ერთადერთი მიზანი არის ოპოზიციის მხარდაჭერა... და პატარკაციშვილის გზავნილების გადმოცემა. ყველაფერი დანარჩენი, რაზეც მან ისაუბრა, აბსოლუტურად გაუგებარია და სისულელეა,” - განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ  ”რუსთავი 2”-ს.  

 

 


 

Civil.Ge © 2001-2024