თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Nov.'07 / 22:36
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა გამოსცა დეკრეტი თბილისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. 

”დაახლოებით საათნახევრის წინ პრეზიდენტმა გამოსცა დეკრეტი თბილისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ,”- განაცხადა  ნოღაიდელმა,”დროებითი შეზღუდვები წესდება დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებზე ბუნებრივია, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით დამხობის მოწოდებებზე”.

”მხოლოდ ეს შეზღუდვები წესდება, სხვა მხრივ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება,”- განაცხადა ნოღაიდელმა.

ნოღაიდელის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდა ”არეულობის შექმნის და გადატრიალების მცდელობა”. 

”როგორც კი აღდგება ჩვეული წესრიგი, ბუნებრივია, მაშინვე მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და აღდგება მასობრივი ინფორმაციების საშუალებების ჩვეულებრივი ფუნქციონირება,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს და პრეზიდენტის დეკრეტი დაამტკიცოს, რომელიც უკვე ძალაშია.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთი და საქართველოს ”ზოგიერთი” პოლიტიკური პარტია თბილისში არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა, შეწყდა მაუწყებლობა ორი áƒ¢áƒ”ლეკომპანიის - ”იმედის”  და ”კავკასიის”, რომლებიც ხშირად უთმობდნენ ეთერს ოპოზიციურ აზრს.

ტელეკომპანია ”იმედი” მას შემდეგ გათიშეს, რაც მისმა წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სპეცრაზმი ”ტელევიზიაში შეიჭრა”.

”ისინი ახლა სტუდიაში შემოჭრას ცდილობენ,” - განაცხადა ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანმა გიორგი თარგამაძემ, ”იმედი იყო ერთადერთი ფანჯარა, რომლითაც საქართველო უყურებდა სიმართლეს”. 

პარალელურად, ხმაური ისმოდა სტუდიის გარეთაც; შემდეგ შუქები ჩაქრა და ვიდეოკამერებიც გაითიშა. ასევე გაითიშა რადიო ”იმედი” და იმედის ვებ-გვერდი.

სულ რამდენიმე წუთში ასევე გაითიშა ტელეკომპანია ”კავკასია”.

”იმედისგან” განსხვავებით, ”კავკასია” პატარა ტელეკომპანიაა, რომლის მაუწყებლობაც მხოლოდ თბილისში ვრცელდება.

ტელეკომპანია ”იმედის” თანამფლობელები არიან ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის და News Corporation.

ცოტა ხნის წინ პატარკაციშვილმა მისი აქციების მართვის უფლება რუპერტ მერდოკის News Corporation-ს გადასცა ერთწლიანი ვადით მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ოპოზიციის კამპანიის დაფინანსებას გეგმავს.

7 ნოემბერს თავის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”იქ [რუსეთში] დაიგეგმა, იქიდან დაფინანსდა, თავის მეგობარი ოლიგარქების მეშვეობით მოხდა ყველაფერი ამის განხორციელება.” მას მხედველობაში ბადრი პატარკაციშვილი ჰყავდა.

ამასობაში, ტელეკომპანია ”იმედის” წინ ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა, რომელიც სკანდირებდა: ”იმედი, იმედი”.

ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ დალუქეს იმედის ოფისი ნიღბიანმა პოლიციელებმა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ცემენ პოლიციელები მოქალაქეს. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა იმედის ოფისის გარეთ მყოფი მოქალაქეების დასაშლელად.

ჯერჯერობით, გაურკვეველია რამდენ ხანს გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა. ”ის შეიძლება გაგრძელდეს ან დღეები ან კვირები,” - განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, ”ახლა, მთავარი პრიორიტეტია წესრიგის აღდგენა და რაიმე საფრთხის აღკვეთა”. 

 

Civil.Ge © 2001-2024