საქართველო სამი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Nov.'07 / 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი რუსი დიპლომატი ”პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა და აღნიშნა, რომ უკვე გააფრთხილა ისინი დატოვონ ქვეყანა. რუსეთმა განაცხადა, რომ ის ”ადკვატურ პასუხს” გასცემს ამას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ნოემბერს თავის სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ზოგიერთი დიპლომატი რუსეთის საელჩოდან საქართველოს წინააღმდეგ დამანგრეველ საქმიანობას ეწევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის აპირებს გააძევოს რუსეთის ფედერაციის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ივანე ვოლინკინი, მრჩეველი პეტრე სოლომატინი და მესამე მდივანი ალექსანდრე კურენკოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნოემბერს აუდიოჩანაწერი და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას განაცხადოს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა. მასალაში წარმოდგენილია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის, რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის და თანასწორობის ინსტიტუტის გიორგი ხაინდრავას საუბრები იმ ადამიანებთან, რომლებიც შსს-ს ცნობით ”რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ოპერატიული მუშაკები იყვნენ” ამ სამ რუს დიპლომატთან კონტაქტების გზით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს განცხადება, როგორც საქართველოს ”უპასუხისმგებლო პროვოკაცია”.  განცხადების თანახმად, ”მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის პათოსი ერთისკენ მიდის  - საგარეო საფრთხის გამო საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აპატიონ პრეზიდენტს ყველა ცოდვა და შეეგუონ იმას, რომ ის ”წესრიგს ძლიერი ხელით” ამყარებს”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა ”მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვს თბილისზე,  გააფრთხილოს საქართველოს ხელისუფლება თავი შეიკავოს შემდგომი დესტრუქციული ნაბიჯებისაგან”.

ამასობაში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მას არ შეუძლია იმ ბრალდებებზე საუბარი, რომ ”შესაძლოა იყვნენ გარე ძალები, რომლებიც საქართველოში ვითარების არევას ცდილობენ”.

”რა თქმა უნდა, თუ ეს სიმართლეა, ეს შეშფოთების საგანი იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც,” - დასძინა მან.

  

Civil.Ge © 2001-2024