სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნების და პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის
/ 8 Nov.'07 / 21:55
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, რათა მიიღოს ხალხის ”არაორაზროვანი áƒ›áƒáƒœáƒ“ატი” და საგარეო საფრთხეებს გაუმკლავდეს.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევნების დღემდე 45 დღით ადრე უნდა გადადგეს, რის შემდეგაც ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეასრულებს.

8 ნოემბერს საღამოს თავის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების პარალელურად იგი პლებისციტის ჩატარების ინიციატივითაც გამოდის, რაც საშუალებას მისცემს ხალხს გადაწყვიტონ, როდის სურთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - გაზაფხულზე, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს, თუ 2008 წლის შემოდგომაზე.

”ჩვენ გვიბიძგებდნენ არჩევნები ყოფილიყო ჩატარებული გაზაფხულზე, როცა ეს არის სრულიად დაუშვებელი,” - განაცხადა მან, ”ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება და მაქვს ასეთი წინადადება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 5 იანვარს. გადმოვიტანოთ აქეთ, ჩავატაროთ ახლა, ჩავატაროთ ზედმეტი გადადების გარეშე. მე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალს, მჭირდება თქვენგან არა ორაზროვანი მანდატი იმისა, რომ გავუმკლავდეთ ყველა საგარეო საფრთხეს; გავუმკლავდეთ ყველანაირ ზეწოლას საქართველოზე;  გავუმკლავდეთ საქართველოს ტერიტორიების ანექსირების მცდელობას;  გავუმკლავდეთ მზაკვრულ გეგმებს საქართველოს ტერიტორიების მითვისების, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად არსებობს”.

”მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანო áƒ—ქვენი ნდობა, ჩემი მანდატი და მივიღო თქვენგან სრულიად კონკრეტული მხარდაჭერა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ აღმშენებლობა და რაც მთავარია, ქვეყნის აღორძინება და ქვეყნის დაცვა შევძლოთ სათანადოთ და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არის ერთიანი, ქართველ ხალხს უნდა მომავალი და ექნება აუცილებლად მომავალი, მიუხედავად ყველანაირი ხრიკებისა და ყველანაირი არევის მცდელობებისა,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას მიმართა: ”მოითხოვეთ ადრეული არჩევნები? - მიიღეთ კიდევ უფრო ადრეული არჩევნები; აკაკუნებთ დემოკრატიის კარზე?  -  დემოკრატიის კარი ღიაა. დემოკრატიის კარი ღიაა იმიტომ, რომ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ გარანტი იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიის ეს კარი არასდროს არ დაიხურება”.

ხელისუფლება უარს აცხადებდა ოპოზიციის მოთხოვნაზე საპარლამენტო არჩევნების აპრილში ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგანაც, მათი თქმით, არ უნდოდათ, რომ საქართველოს არჩევნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დამთხვეოდა, რომელიც 2008 წლის მარტშია დაგეგმილი. მოტივად სახელდებოდა ”სერიოზული რისკი” იმისა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებით მანიპულირებას მოახდენდა, ან საქართველოში ”პროვოკაციებსაც კი მოაწყობდა” შიდა რუსული მოხმარებისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების წინ. 

”ოღონდ ეს არჩევნები ჩატარდება ჩვენი გრაფიკით და არა ჩვენი არაკეთილმოსურნეების გრაფიკით,” - განაცხადა მან, ”ანუ ის ფორას მოგვცემს რუსეთის არჩევნებამდე, რომელიც ტარდება 7 მარტს”.  

სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე ”კომპრომისი” იყო მისი მხრიდან. ”მე ვაძლევ  ოპოზიციას შანსს მართლაც გახდეს ხალხის რჩეული, თუ თქვენ ამას იმსახურებთ, როგორც არის ყველანაირი დემოკრატიული წყობილების პირობებში,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი ”არადემოკრატიული” და ”ავტორიტარული სტილის” გამო ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები ნიშნავს, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა კიდევ უფრო მცირდება, ვიდრე ეს თავიდან იყო გათვალისწინებული.  

გასული წლის დეკემბერში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ოქტომბერ-დეკებრის შუალედში იგეგმებოდა. ცვლილებამ ამჟამინდელი პარლამენტის ვადა რამდენიმე თვით გააგრძელა, თუმცა ამავე დროს სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა ასევე რამდენიმე თვით შეამცირა.

”პრაქტიკულად მივდივარ იმაზე, რაზეც არც ერთი სხვა პრეზიდენტი ჩვენს რეგიონში და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ნამდვილად სხვა ასეთი პრეცედენტი ბევრი არ ვიცი,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ მე ამას ვაკეთებ კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ხაზი გაუსვა, რომ არაფერს არ ნიშნავს თვეები და წლები, როცა საქმე ეხება ჩვენს უმთავრეს, ყველაზე  სასიცოცხლო ინტერესს, რომ მთელი მსოფლიო მუდმივად ვამყოფოთ იმის მოწმედ და იმის მონაწილედ, რომ საქართველო არის ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომლის ხალხს აქვს სრულიად ზუსტი წარმოდგენა იმაზე თუ რა უნდა იყოს მისი მყარი მომავალი და ამ მყარი მომავლის ზუსტი გარანტიები.”

”მე მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები... მე ახლავე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი”.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა მისი პრეროგატივაა. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების საკამათო თარიღთან დაკავშირებით áƒ›áƒáƒ¡ სურს, რომ ამომრჩევლებმა თავად გადაწყვიტონ, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები.

”იმ პირობებში, როცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთვლით რომ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს რუსეთის არჩევნების პარალელურად, მე მინდა ჩავატაროთ პლებისციტი, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, რათა ქართველმა ხალხმა თვითონ გასცეს პასუხი კითხვაზე: როდის უნდა დანიშნოს ის პრეზიდენტმა, გაზაფხულზე თუ უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე. მოდით, ნუ მივანდობთ ამას ნურცერთ ყველაზე მყვირალა პოლიტიკურ ჯგუფს. გადაწყვიტეთ ეს თქვენ – მთავარმა ბატონ-პატრონმა ამ ქვეყნის, ქართველმა ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ”.

თავის სატელევიზიო გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ეს შეზღუდვები, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო გახდა, რათა დაცული იქნას ”საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია” მოსალოდნელი ”შეთქმულების” ფონზე.

” უახლოეს დღეებში საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გაუქმდება, იმიტომ რომ სიტუაცია დასტაბილურდა ძალიან ჩქარა, ძალიან ენერგიული მოქმედების შედეგად ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების. ყოველგვარი შეზღუდვები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, მთლიანად, ბოლომდე მოიხსნება,” - განაცხადა სააკაშვილმა

Civil.Ge © 2001-2024