დეპუტატებმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Nov.'07 / 19:49

პარლამენტმა დღეს 155 ხმით  საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით და მის სამოქმედო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

გურგენიძის გარდა, რომელმაც ზურაბ ნოღაიდელი შეცვალა, მთავრობას ორი ახალი მინისტრი ეყოლება.

საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა  განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ლომაია შეცვალა. ეს უკანასკნელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კი კობა სუბელიანი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გახდა. მან ამ პოსტზე გია ხევიაშვილი შეცვალა.

თავდაპირველად, განათლების მინისტრის თანამდებობაზე მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია იყო წარდგენილი, თუმცა მან უარი განაცხადა, რადგანაც, მისი თქმით, არ სურს შეაფერხოს განათლების სამინისტროში მიმდინარე იმ პროექტების განხორციელება, რომელსაც ის კურირებს მინისტრის მოადგილის რანგში.

განათლების ახალმა მინისტრმა მაია მიმინოშვილმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი კვლავაც ხელს შეუწყობს იმ რეფორმების განხორციელებას სამინისტროში, რომლებიც ლომაიას მინისტრობის პერიოდში დაიწყო, თუმცა გარკვეულ ”კორექტივებს” შეიტანს მასში. 

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ მას ”მუდმივი დიალოგი” ექნება დევნილებთან და მაქსიმალურად დაეხმარება მათ პრობლემების მოგვარებაში.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგანაც, მათი თქმით, ყველა ძირითადმა მინისტრმა, რომლებიც მათთვის მიუღებელია, შეინარჩუნეს თავიანთი პოსტები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის კიდევ ერთი საკადრო გადახალისება მოხდება.

”1,5 თვეში პარლამენტს წარედგინება ახალი მთავრობა დასამტკიცებლად და იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვანწილად განახლებული შემადგენლობით,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს იმ ადამიანების პრობლემებს, რამაც ისინი 2 ნოემბერს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიიყვანა.

Civil.Ge © 2001-2024