არჩევნები არის სიმართლის მომენტი საქართველოსთვის - სააკაშვილი
/ 23 Nov.'07 / 18:08
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ”სიმართლის მომენტის” წინაშე დგას და 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ”გადამწყვეტი” იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ხელახლა გამარჯვება არჩევნებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტოლფასი იქნება. 

ნაციონალური მოძრაობის ათასობით აქტივისტი შეიკრიბა სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე. ეს ღონისძიება ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს.

”ჩემი ცხოვრება, არა მხოლოდ ჩემი პრეზიდენტობა, ყოველგვარ აზრს კარგავს, თუ ჩვენ ვერ აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და თუ ჩვენ ვერ შევძელით საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და თუ ევროპული დონის ცხოვრების შემოტანა საქართველოში - მისი გაკეთება შეუძლებელია ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე,” განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ 5 იანვარს უნდა გავცეთ პასუხი კითხვას: გვინდა თუ არა ჩვენ საქართველოს გაერთიანება? გვინდა თუ არა ჩვენ შემდგომი წინსვლა?”    

”მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მესიზმრება ყველაზე უფრო ხშირად სოხუმი”, - განაცხადა სააკაშვილმა, ”ერთი და იგივე კოშმარი, რომ მე ჩავედი სოხუმში და თავისუფლად ვერ გამოვდივარ, ვიღაცეების ცდილობენ, რომ გზა გადამიკეტონ და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე და სამუდამოდ მივატოვო იქაურობა”.

”5 იანვარს ან ჩემი ყველაზე უარესი სიზმრები ამ ჩვენ მთავარ მიზანთან დაკავშირებით - აფხაზეთთან დაკავშირებით  - ახდება , ან ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით სოხუმში, გავაერთიანებთ საქართველოს და შევქმნით დავით აღმაშენებლის ქვეყანას ხელახლა...  5 იანვარს ან ჩვენ ამ გზას გავხსნით, როგორც გავხსენით გზა ჩოლოქზე ან ჩვენივე ხელით სამუდამოდ ჩავკეტავთ,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის გაერთიანების ამ გზას პროვოკაციების საფრთხე ემუქრება, რაც ბუნებრივია, რადგანაც ”არსებობს ძალიან მარტივი და მოკლე გზა დავნებდეთ, შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციას, ვაღიაროთ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე და მაშინ არ იქნება პროვოკაცია”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”თუ ყველაფერი ისე იქნა, როგორც დავგეგმეთ” საქართველო გახდება ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი 2008 წელს.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა მთავრობის და მმართველი პარტიის მიერ მიღწეულ პროგრესზე.  ”ჩვენ ვართ ახალგაზრდა რევოლუციური მთავრობა... ჩვენ იდეალისტები და მაქსიმალისტები ვართ - ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი ძალა,” - განაცხადა მან.

თბილისში ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”სიცრუის მანქანა” დაუპირისპირდა საქართველოს.

ეს ტერმინი ”სიცრუის მანქანა” ბოლო დროს ხშირად გამოიყენება მმართველი პარტიის და მთავრობის წარმომადგენლების მიერ, რაშიც ისინი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფინანსებულ კამპანიას გულისხმობენ, რომელიც, მათი თქმით, ხელისუფლების ჩამოგდებას ისახავდა მიზნად. ხოლო ტელეკომპანია ”იმედი”, ხელისუფლების თქმით, ამ მანქანის მთავარი კომპონენტი იყო.

”ამ áƒ¡áƒ˜áƒªáƒ áƒ£áƒ˜áƒ¡ მანქანის მიზანი იყო ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ ადგილას დარტყმა,” - განაცხადა მან, ”ჯერ კიდევ არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის მცდელობა. მაგრამ დღეს აქ არის პოლონეთის პრეზიდენტი და ეს არის ჩვენი პასუხი იმ მცდელობებზე, ვისაც უნდათ ჩვენი ჩამოშორება ევროპიდან და ეს არის ევროპის პასუხი ამ მცდელობებზე”.
 
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, ასევე დაესწრო მმართველი პარტიის ყრილობას. შემდეგ იგი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გამოწვევა ჯერ გადალახული არ არის. ”ჩვენ მტრებს ხელები ჩვენზე ჯერ კიდევ გაშვებული არ აქვთ,”- აღნიშნა მან. 

ოპონენტებზე áƒ¡áƒáƒ£áƒ‘რისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის თანამშრომლობის ხელი გაუწოდოს ყველას. ”მე საქართველოს შიგნით მტრები არა მყავს,” - განაცხადა მან, ”მე თვალს ვხუჭავ ყველანაირ წყენაზე და პირად შეურაცხყოფაზე... იმიტომ, რომ ყველაფერი ცუდი ჩვენ უნდა დავივიწყოთ, რომ გვქონდეს უკეთესი მომავალი”.

თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ბევრი გზააბნეული ადამიანი შეიძლება იყოს, ბევრი კითხვაა გასაცემი სხვადასხვა სპეცსამსახურებთან ურთიერთობის და ა.შ., მაგრამ ვაპატიოთ ყველამ ერთად, მივუტევოთ ყველამ ერთმანეთს,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

ეს განცხადება ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან მიმართებაში გაკეთდა, რომელთაც ხელისუფლებამ რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. ოპოზიციის განცხადებით, ეს ბრალდებები არის ხელისუფლების იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც ”ოპონენტების დატერორებას” ისახავს მიზნად.

თავისი გამოსვლის ბოლოს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას წინ ”ბევრი პროვოკაცია” ელის. ”იქნება ბევრი მცდელობა, რომ მოხდეს არეულობა, მაგრამ ჩვენ სიმშვიდით და თავშეკავებით უნდა ვუპასუხოთ,”  - განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024