პატარკაციშვილის ბიზნეს-აქტივებზე იერიში გრძელდება
/ 27 Nov.'07 / 20:26
სივილ ჯორჯია

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ”სტანდარტ ბანკში” დროებითი ადმინისტრაცია შევიდა ლიკვიდობის პრობლემების გამო.

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ამ ბანკში ირიბი ინტერესები გააჩნია. კომპანია Salford Georgia-მ, რომელიც პატარკაციშვილის 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტს ახორციელებს საქართველოში, განაცხადა, რომ ”სტანდარტ ბანკის” ჩამორთმევა ხელისუფლების მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოში პატარკაციშვილის ბიზნეს-ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება.  

”სტანდარტ ბანკის” წინააღმდეგ გალაშქრებას წინ უძღოდა მედია ჰოლდინგის ”იმედი” დახურვა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევა. შემოსავლების სამსახურმა ასევე განახორციელა ”საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის” და ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია ”ტელენეტის” ფინანსური შემოწმება.

”სტანდარტ ბანკი” ამაყობდა თავისი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბანკის იმიჯით და აქტივების მხრივ საქართველოს უმსხვილეს ბანკებს შორის მე-7 ადგილი ეკავა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ამოქმედება განაპირობა  ”სტანდატ ბანკში“ წარმოქმნილმა ლიკვიდობის პრობლემებმა, რაც გამოიწვია მიმდინარე თვის დასაწყისიდან დეპოზიტების გადინების ტენდენციის გაძლიერებამ.

Salford Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი რუხაძემ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ბოლო კვირების მანძილზე ბანკის ზოგიერთმა კლიენტმა მართლაც გაიტანა თანხები, თუმცა იქვე დასძინა, რომ იგი ეჭვობს, რომ ეს ”ხელისუფლების ზეწოლის” შედეგი იყო.

”ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ”სტანდარტ ბანკის” კლიენტები 8 ნოემბრის შემდეგ ზეწოლას განიცდიდნენ, რომ გაეტანათ თავიანთი თანხები ბანკიდან და სხვა ბანკებში გადაეტანათ,” - განაცხადა რუხაძემ 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”იმ სახელმწიფო სტრუქტურებმა, რომლებიც ჩვენი კლიენტები იყვნენ, ასევე გამოიტანეს თავიანთი თანხები. ეს განზრახ გაკეთდა, რომ ხელოვნურად შემცირებულიყო ”სტანდარტ ბანკის” ლიკვიდობის კოეფიციენტი.”

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის მანძილზე ბანკმა თავისი აქტივების 25% გასცა ნაღდი ფულით, თუმცა ამ ტენდენციის მიუხედავად, ”სტანდარტ ბანკის” ლიკვიდობის ყოველთვიური საშუალო კოეფიციენტი მუდმივად აღემატებოდა კანონით დადგენილ მინიმუმს.

”მინდა ნათლად განვაცხადო: მაშინ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ”სტანდარტ ბანკზე” კონტროლი დააწესა, ბანკს ლიკვიდობის პრობლემები არ ჰქონია,” - განაცხადა მან.

იმავდროულად ირაკლი რუხაძე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, თავად გახდა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების სამიზნე. იგი ეჭვმიტანილია მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ეროვნული ბანკის თანამშრომელზე ზეგავლენის მოხდენაში.

ნიუ-იორკში განთავსებულმა იურიდიულმა ფირმამ Debevoise & Plimpton LLP, რომელიც პატარკაციშვილმა დაიქირავა საკუთარი ინტერესების დასაცავად, განაცხადა, რომ áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ კლიენტის წინააღმდეგ áƒ‘რალდებები ”უსაფუძვლოა”.

ლორდ გოლდსმიტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი მთავარი პროკურორია, ხოლო ამჟამად Debevoise & Plimpton-ის ევროპულ პროცესებს კურირებს, თბილისს გასულ კვირას ესტუმრა, რათა ამ საკითხის დეტალები განეხილა.

27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ლადო გურგენიძისთვის გაგზავნილ წერილში Debevoise & Plimpton-მა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ”სტანდარტ ბანკის” ჩამორთმევა იყო ”უსაფუძველო საბაბი იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური ზეწოლა პატარკაციშვილზე, რომელმაც ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციები გამოხატა”.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ”სტანდარტ ბანკის” წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით საქართველო ასევე არღვევს 1994 წელს საქართველოს და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებით ნაკისრ  ვალდებულებებს ინვესტიციების ორმხრივი დაცვის თაობაზე, რადგანაც ბანკის ზოგიერთი აქციონერი აშშ-ს მოქალაქეა.

Salford Georgia-ს ოფიციალური წარმომადგენლები 26 ნოემბერს ლადო გურგენიძეს შეხვდნენ და ბანკის თაობაზე იმსჯელეს.

27 ნოემბერს კი Salford Georgia-მ განაცხადა, რომ ”შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა”.

Civil.Ge © 2001-2024