საქართველოს MAP-ზე გადასვლის შანსები “გართულდა” – თარგამაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Nov.'07 / 20:25

საქართველოს შანსები აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) გადავიდეს “გართულდა”, თუმცა სიტუაცია “ტრაგიკული” არ არის, განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ 27 ნოემბერს ტელეკომპანია “მზესთან” ინტერვიუში. 

23 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “თუ ყველაფერი გეგმის თანახმად განხორციელდება”, 2008 წელს საქართველო ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი გახდება.

ამასობაში, “საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავისი ევროპული ტურნედან 27 ნოემბერს დაბრუნდა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ საქართველოს MAP-ზე გადასვლის შანსები ნატოს აპრილის სამიტისთვის “თითქმის ნულის ტოლია”.

Civil.Ge © 2001-2024