სააკაშვილი დევნილებს აფხაზეთში დაბრუნებას ’უახლოეს თვეებში’ პირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Nov.'07 / 20:32

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მომდევნო რამდენიმე თვეში შექმნის პირობებს, რაც უზრუნველყოფს დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებას აფხაზეთში.

სააკაშვილმა ეს განცხადება 28 ნოემბერს თავის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.

“გპირდებით – და ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება – თუ 5 იანვრის არჩევნები ნორმალურად ჩაივლის, შემდეგ ზამთარს უფრო თბილი კლიმატის პირობებში გავატარებთ; ჩვენ სახლებში დავბრუნდებით. მე ამას თქვენ გპირდებით და ამის გარანტიას ვიძლევი. არასდროს აქამდე ასე კონკრეტული არაფერი მითქვამს,” – განაცხადა სააკაშვილმა.

“მინდა დაგპირდეთ, რომ უახლოეს მომავალში – მე ამის გაკეთებას ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ვაპირებდი, მაგრამ კარგად ცნობილი მიზეზების გამო, ჩემი ვადა შევამცირე – უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში,”- განაცხადა სააკაშვილმა.  

შემდეგ მან “ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია” გააკრიტიკა იმ რეკომენდაციებისათვის, რომელიც დევნილთა დაბრუნების ნაცვლად, მათ დროებითი განსახლების ადგილებში ინტეგრაციას ეხება.

“ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს დავარწმუნოთ დევნილები, რომ მათი დაბრუნების საჭიროება აღარ არსებობს. ამაზე მაქვს ძალიან პირდაპირი პასუხი: არ ვიცი ვის დარწმუნებას აპირებთ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სახლი სოხუმშია და თქვენ მე ვერ დამარწმუნებთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას სურდა, რომ ქართულ მხარეს ეღიარებინა ის შეცდომები, რამაც 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.

“რისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში? იმისთვის, რომ თავები დაგვაჭრეს და სახლებიდან გამოგვყარეს? იმისთვის, რომ ეკლესიები დაგვირბიეს [აფხაზეთში] ან პატარა ბავშვები გაგვიყინეს უღელტეხილზე? ჩვენ უნდა ვიხადოთ კიდევ ბოდიში? რისთვის? . . . მე ვიცი რამდენიმე საერთაშორისო ჯგუფი, არა სახელმწიფო, რომელიც ფულს იხდის ამგვარ სისულელეებში. ეს არ ეხება მხოლოდ ბოდიშის მოხდას. ეს გულისხმობს სამართლებრივი საფუძვლის შექმნას უკან [აფხაზეთში] დაბრუნების უფლების ჩამოსართმევად,”- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

Civil.Ge © 2001-2024