ოპოზიცია სააკაშვილს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Nov.'07 / 19:02

ოპოზიცია პრეტენზიას გამოთქვამს იმის გამო, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს იყენებს რა სახელმწიფო რესურსებს თავის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

ოპოზიცია ასევე აპროტესტებს პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის ტელეეთერის არათანაბრად დათმობას და ამის მაგალითად ყოფილი პრეზიდენტის წინასაარჩევნო შეხვედრების პირდაპირ ეთერში გაშუქება მოჰყავს. 

ეს განცხადებები დღეს ორ დამოუკიდებელ პრესკონფერენციაზე ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერებმა და ახალმა მემარჯვენეებმა გააკეთეს. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს 28 ნოემბერს მერიის შენობაში პრეზიდენტობის კანდიდატის სააკაშვილის შეხვედრა დევნილებთან, სადაც მან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს და დედაქალაქის მერს გიგი უგულავას კონკრეტული დავალებები მისცა, მათ შორის დევნილთა საცხოვრებელი სახლების დაკანონების თაობაზე.  შეხვედრა რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გაშუქდა. 

”არავითარი უფლება არ აქვს მოქალაქე სააკაშვილს, რომ ბრძანებები და დავალებები გასცეს... არავითარი უფლება არ აქვს მას, რომ იმყოფებოდეს ქალაქ თბილისის მერიის, საკრებულოს შენობაში და იქ ატარებდეს შეხვედრას... ამასთანავე, იძლეოდეს დაპირებებს საახალწლო ნობათების დარიგების შესახებ. კანონის ენაზე ამას ჰქვია ამომრჩევლის მოსყიდვა,” - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა.

”როცა მოქმედ ხელისუფალთ ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აძლევს დავალებებს, სხვა არაფერია თუ არა დემონსტრირება ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენებისა,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს მონიტორინგი გაუწიონ კანდიდატებს შორის საეთერო დროის თანაბრად განაწილებას და áƒ¨áƒ”ფასება მისცენ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.  

Civil.Ge © 2001-2024