![]() |
|||
პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”. ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”. 28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025