აქტივისტები მოუწოდებენ გერმანიას არ მოახდინონ ოქრუაშვილის ექსტრადიცია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Dec.'07 / 17:49

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის აქტივისტებმა 5 დეკემბერს თბილისში გერმანიის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მოუწოდეს გერმანიის ხელისუფლებას არ დაუშვას მათი ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიცია საქართველოში.

ოქრუაშვილი, რომელსაც მინისტრობის დროს ქრთამის აღებაში, ფულის გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში და სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი, ბერლინში 27 ნოემბერს, ქართველი სამართალდამცავების თხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს. საქართველოს 40 დღე აქვს, რომ საქმესთან დაკავშირებით სრული დოკუმენტაცია წარადგინოს, რის საფუძველზეც გერმანული სასამართლო გადაწყვეტს მოახდინოს თუ არა მისი ექსტრადიცია.

“ირაკლი ოქრუაშვილს ემუქრება საფრთხე, რომ გახდეს პოლიტიკური პატიმარი საქართველოში და მისი ექსტრადიცია საქართველოში დაუშვებელია,” – განაცხადა ოქრუაშვილის პარტიის წევრმა, დეპუტატმა áƒ™áƒáƒ™áƒ გუნცაძემ.

იმავდროულად, საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან დუჩიძემ 5 დეკემბერს Civil.ge-ს განუცხადა, რომ ბერლინის სასამართლომ 3 დეკემბერს ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება და მის მიმართ დაწყებულია ექსტრადიციის პროცედურები.

”საბოლოო გადაწყვეტილებას ექსტრადიციასთან დაკავშირებით სასამართლო მას შემდეგ მიიღებს, რაც ქართული მხარის მიერ წარდგენილ საქმის მასალებს გაეცნობა,”- განაცხადა დუჩიძემ, ”ამისთვის 40-დღიანი ვადა არსებობს”.  

Civil.Ge © 2001-2024