გაერო ქართულ და აფხაზურ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Dec.'07 / 11:16

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ქართულ და აფხაზურ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავების ფონზე.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მიერ 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პან გი მუნმა ცნობად მიიღო ორივე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ეხება კონფლიქტის ზონაში და კოდორის ხეობაში საფრთხეებისა და შეიარაღების ზრდას.

”გაეროს დამკვირვებელთა მისიამ, რომელიც ყოველდღიურად ამოწმებს ამ განცხადებებს, ჯერჯერობით ვერ შეძლო მათი უმეტესობის დადასტურება,” - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, გენერალურმა მდივანმა მხარდაჭერა გამოხატა უშიშროების საბჭოს მიერ 15 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის მიმართ, რომელიც ”ნათლად მოუწოდებს მხარეებს გაითვალისწინონ ერთმანეთის კანონიერი წუხილები უსაფრთხოების საკითხებზე, თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედებისა და პროვოკაციებისგან, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებისა და რიტორიკისგან და დაიცვან არსებული შეთანხმებები ცეცხლის განუახლებლობისა და ძალადობაზე უარის თქმის შესახებ”.

 


 

Civil.Ge © 2001-2024