ტელეკომპანიებმა მესაკუთრეებზე დოკუმენტები წარადგინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Dec.'07 / 19:46

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ სამმა ტელეკომპანიამ მათ მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია წარადგინა, როგორც ამას მაუწყებლობის შესახებ კანონი მოითხოვს.

ამ დოკუმენტების თანახმად, ტელეკომპანიების ”მზე” და ”რუსთავი 2”-ს მფლობელია ორი კომპანია - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და ”გეომედია ჯგუფი”.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ორივე ტელეკომპანიაში აქციების 45%-ს ფლობს, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია საგარეო საქმეთა მინისტრის ძმა დავით ბეჟუაშვილი.

დანარჩენ აქციებს ”რუსთავში 2”-ში და ”მზეში” გეომედია ჯგუფი ფლობს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოიპოვება ის არის, რომ ეს კომპანია მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

დოკუმენტების თანახმად, ტელეკომპანია ”იმედის” ერთადერთი მფლობელია I-Media, რომელმაც News Corp.-ს გადასცა აქციების მართვის უფლება. ”იმედის” დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ასევე ფლობს აქციებს რუსულენოვან ტელევიზიაში RTVI-ში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ სამ ტელეკომპანიას მხოლოდ საკუთრების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოედგინათ და ის დეტალები, თუ ვინ დგას კონკრეტული კომპანიის უკან, კომისიას არ აინტერესებდა.
 

Civil.Ge © 2001-2024