”რეზონანსი” ტელეკომპანიების ”მფლობელების ანონიმურობას” აპროტესტებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Dec.'07 / 15:40

ტელეკომპანია ”იმედისგან” განსხვავებით, კიდევ ორი ქართული ტელეკომპანიის - ”მზის”და ”რუსთავი 2”-ის მფლობელების ვინაობა კვლავ უცნობია, წერს გაზეთი ”რეზონანსი” 18 დეკემბერს.

”ხელისუფლება აქამდე მხოლოდ ”იმედის” დამფუძნებლებისა და რეალური მფლობელების შესახებ იჩენდა დაინტერესებას,” - წერს გაზეთი ”რეზონანსი”. ”ასეთი ინტერესი მმართველ ძალას სხვა ტელევიზიების მფლობელების მიმართ არ გამოუხატავს... დაფუძნებიდან დღემდე ვიცოდით იმის შესახებ, თუ ვინ იდგა ”ტელეიმედის” უკან და შეგუებულიც ვიყავით იმ აზრს, რომ შესაძლოა, რიგ შემთხვევაში მას მფლობელის ინტერესები გაეტარებინა, მაგრამ, დღემდე არ ვიცით, ვის ინტერესებს შეიძლება ატარებდნენ სხვა ტელეკომპანიები”.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ტელეკომპანიების ”მზე” და ”რუსთავი 2”-ს მფლობელია ორი კომპანია - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და ”გეომედია ჯგუფი”.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ორივე ტელეკომპანიაში აქციების 45%-ს ფლობს, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია საგარეო საქმეთა მინისტრის ძმა დავით ბეჟუაშვილი.

დანარჩენ აქციებს ”რუსთავში 2”-ში და ”მზეში”, ანუ 55%-ს გეომედია ჯგუფი ფლობს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოიპოვება ის არის, რომ ეს კომპანია მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024