ტელეკომპანია ”იმედი” ეგზით პოლების ჩატარებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Dec.'07 / 11:35

ტელეკომპანია ”იმედმა” 23 დეკემბერს განაცხადა, რომ მან დაუკვეთა ”დემოკრატიის განვითარების დიალოგის ევროპულ ფონდს” 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. ეგზით პოლები ჩაატაროს.

ინფორმაცია ამ ორგანიზაციის შესახებ ამ ეტაპზე ხელმიუწვდომელია.

”ეგზით პოლების” ჩატარებას ასევე გეგმავს სამი ქართული ტელეკომპანია - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ”მზე” და ”რუსთავი 2”. ტელეკომპანიების დავალებით, შვიდი ადგილობრივი კვლევითი ჯგუფი ჩაატარებს ”ეგზით პოლებს”. დეტალები ორშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახმოვანდება.

ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით, ”დემოკრატიის განვითარების დიალოგმა” უკვე ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 17-21 დეკემბრის პერიოდში. კვლევის თანახმად, 2 100 რესპონდენტიდან 22,1% მხარს უჭერს ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს. მას მოყვება მიხეილ სააკაშვილი 20,3%-ით; ბადრი პატარკაციშვილი - 19,1%-ით; შალვა ნათელაშვილი - 6,5%-ით; დავით გამყრელიძე - 4,9%-ით; გია მაისაშვილი - 1,1%-ით და ირინა სარიშვილი - 0,2%-ით. კვლევის თანახმად, 21,7%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

ეს შედეგები აბსოლუტურად განსხვავებულია წინა ორი კვლევისგან, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა - ერთი BCG-ს მიერ სააკაშვილის შტაბის დაკვეთით, ხოლო მეორე მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციების კომპანია ACT-ის მიერ.  ორივე ქართული ორგანიზაციაა.

BCG-ს კვლევის თანახმად, რომლის დროსაც საქართველოს მასშტაბით 13 000 რესპონდენტი გამოიკითხა, ამომრჩეველთა 29,5%-ს არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის მისცემს ხმას, ხოლო 36,7% აცხადებს, რომ ისინი სააკაშვილს დაუჭერენ მხარს. მას მოყვება ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე 9,7%-ით; ბადრი პატარკაციშვილი - 4,7%; დავით გამყრელიძე - 3%; შალვა ნათელაშვილი - 2,5%; გია მაისაშვილი და ირინა სარიშვილი - 1%-ზე ნაკლები. 1%-მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ კანდიდატს არ მისცემენ ხმას.

იმ რესპონდენტთა 63%-მა, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ერთ-ერთ კანდიდატს მისცენ ხმა,  განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილს მისცემენ ხმას. შემდეგ მოდიან ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი პატარკაციშვილი ხმების 16,7%-ით და 8,1%-ით, ნათქვამია BCG-ს კვლევაში.

ACT-ის კვლევის თანახმად, 1 500 გამოკითხულთა 41% სააკაშვილს მისცემს ხმას. მას მოყვება გაჩეჩილაძე - 11,1%; ბადრი პატარკაციშვილი - 6,5%; შალვა ნათელაშვილი - 3,5%; დავით გამყრელიძე - 2,1%; გია მაისაშვილი და ირინა სარიშვილი - 1%-ზე ნაკლები. 20,6%-ს არ გადაუწყვეტია, ხოლო 2,3% არც ერთი კანდიდატისთვის არ აპირებს ხმის მიცემას.  იმ რესპონდენტთა 64%-მა, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ერთ-ერთ კანდიდატს მისცენ ხმა,  განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილს დაუჭერენ მხარს. შემდეგ მოდიან ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი პატარკაციშვილი ხმების 17%-ით და 10%-ით, შესაბამისად.

ACT-ს ცნობით, კვლევა თავდაპირველად მხოლოდ კომპანიის ”ბიზნეს კლიენტებისა და პარტიორებისთვის” იყო გათვალისწინებული, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი აზრის ხშირი აპელირების გამო კომპანიამ მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა.
      

 

 

Civil.Ge © 2001-2024