თბილისის მერი: საქართველომ თავი უნდა დააღწიოს შავ ჭირს პატარკაციშვილის სახით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Dec.'07 / 14:38

ბადრი პატარკაციშვილი და მისი მოკავშირეები არიან ”შავი ჭირი” და ქვეყანამ ”თავი უნდა დააღწიოს” მათ, განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ 24 დეკემბერს.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას áƒ’ააკეთა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, რომელიც მას შემდეგ მოიწვია პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, რაც გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი ეჭვმიტანილია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში.

”ქვეყანას შეესია ეშმაკი პატარკაციშვილის და გელბახიანის სახით. ეს შავი ჭირი უნდა მოიშოროს ქვეყანამ იმიტომ, რომ ეს არ არის უკვე ხელისუფლებასთან ბრძოლა, ეს არის ქვეყანასთან ბრძოლა,”- განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ”სახელმწიფო ამას გაუძლებს, სახელმწიფო ამას გადაიტანს, მაგრამ ეს არის თავზე მოხვეული ეშმაკი ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ ამას გავუძლებთ და საკადრის პასუხს გავცემთ”.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”საზოგადოებამ იხილა ჩვენი ძირითადი ოპონენტის [ბადრი პატარკაციშვილის] რეალური გეგმა”.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერში გელბახიანი საუბრობს 6 იანვარს, საპრეზიდენტო არჩვნების მეორე დღეს, მასობრივი არეულობის ინსპირირების, არჩევნების ჩაშლის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმებზე.

 

Civil.Ge © 2001-2024