”იმედი” დროებით აჩერებს მაუწყებლობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Dec.'07 / 20:36

ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არხი ”დროებით წყვეტს” მაუწყებლობას, რათა გაემიჯნოს ”ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს” ტელეკომპანიის მფლობელის და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ”იმედის” მფლობელი და საპრეზიდენტო კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა. ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა განახლებიდან ორი áƒ™áƒ•áƒ˜áƒ áƒ˜áƒ¡ თავზე შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 7 ნოემბრის მოვლენების გამო ერთი თვე იყო დახურული.

ტელეიმედის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში საუბრისას ტელეკომპანიის პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”იმედი” განაგრძობს მაუწყებლობას მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია სხვის მფლობელობაში გადავა.

”ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ არხის, ტელეიმედის გადარჩენის რამდენიმე ვარიანტზე, რომელთაგანაც უმთავრესი არის თუნდაც არხის ფაქტობრივი მფლობელის მიერ წილის ასივე პროცენტის სხვა მეპატრონეზე გადაცემა. ეს შეიძლება იყოს თავად ტელევიზიის თანამშრომელთა შემოქმედებითი ჯგუფი, კოლექტივი ან საზოგადოებისთვის ცნობილი და ყველასთვის პატივსაცემი ადამიანები, რომელთა მიუკერძოებლობაში ეჭვი საზოგადოებაში არავის ეპარება. ამ შემთხვევაში, ცხადია, განიხილება ჩვენი უკვე ტრადიციული პარტნიორი, მულტინაციონალური მედია კომპანია News Corporation-ი,” - განაცხადა თარგამაძემ.   

მისი თქმით, ”ასეთი პერსპექტივა რეალურია”, რადგანაც მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც პატარკაციშვილთან, ისე News Corporation-თან, რომელიც მისი თქმით, ტელევიზიის მმართველია.

”თუმცა მანამ, სანამ არ დაიწმინდება პოლიტიკური დუღილის შედეგად ამღვრეული გარემო, სანამ არ გაირკვევა ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსი მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ დროებით ვაჩერებთ მაუწყებლობას,” - განაცხადა თარგამაძემ, ”ეს არ ნიშნავს ტელევიზიის დახურვას, ჩვენ დროებით ვწყვეტთ მაუწყებლობას”.

”ამით ჩვენ ვემიჯნებით ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს. ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვენი პროტესტი როგორც ხელისუფლების მიმართ, რომელიც არაფერს ზოგავდა თანამშრომლების დაშანტაჟებისა და გადაბირებისათვის, ასევე იმ გაუგებრობის მიმართ, რომელიც უკავშირდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში  არხის მეპატრონის მონაწილეობას, რომლის გარშემო ატეხილმა სკანდალმაც, არხის თანამშრომლები უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვაყენა,” - განაცხადა თარგამაძემ.

”იმედის” საინფორმაციო პროგრამის ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი უფრო რადიკალური იყო. ტელეკომპანიის საინფორმაციო პროგრამების ჟურნალისტების სახელით საუბრისას მეტრეველმა განაცხადა: ”ჩვენთვის მიუღებელია როგორც ის, თუ როგორ ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვიღაც ჩეჩენისთვის შეეკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, ასევე კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ის მეთოდები, რომელი მეთოდებითაც ცდილობდა ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლებაში მოსვლას . ჩვენ ვაცხადებთ ცალსახად, რომ ჩვენთვის ასეთი მეთოდები არის მიუღებელი”.   

იმავე დღეს ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”დროების” ექვსმა ჟურნალისტმა ტელეკომპანიის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. ზოგიერთმა ჟურნალისტმა ისე დატოვა ტელეკომპანია, რომ ამის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია.

გიორგი თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ ”იმედი” ახალი წლის შემდეგ განაახლებს მაუწყებლობას, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

ამასობაში, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბმა ”იმედის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო ”ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის” შედეგი.

თუმცა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ იმიტომ გადაწყვიტა მაუწყებლობის შეჩერება, რომ ის ”წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს”.

დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ”ტელეკომპანია იმედი, რომელიც თავისუფალი მედია საშუალებაა, გახდა პოლიტიკურ ძალებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების მსხვერპლი”. იგი ხელისუფლებას და პატარკაციშვილს გულისხმობდა.

 

 


 

Civil.Ge © 2001-2024