პატარკაციშვილი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას განაგრძობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jan.'08 / 12:33
სივილ ჯორჯია

”მე მივიღე გადაწყვეტილება არ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და გავაგრძელო ბრძოლა   პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად,”- ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის განცხადებაში, რომელიც 3 იანვარს გავრცელდა.

პატარკაციშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, თუმცა ოფიციალური განაცხადის გაკეთებისაგან იმ ეტაპზე თავი შეიკავა. მის შტაბს ცესკო-სთვის შესაბამისი განაცხადით 4 იანვარს უნდა მიემართა.

თუმცა პატარკაციშვილი აცხადებს, რომ მან თავისი გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან გამართული საუბრის შემდეგ შეცვალა, მიუხედევად იმისა, რომ ”ჩვენ არ შევხებივართ არჩევნების საკითხს”.

იქვე პატარკაციშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ყველა ფარული ჩანაწერი წარმოადგენს ”ხელისუფლების მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას და შეთითხნილია áƒ©áƒ”მი დისკრედიტაციის მიზნით”.

ფარული ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.

პატარკაციშვილი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ”შეწყვიტოს ტერორი საკუთარი ხალხის წინაამღდეგ”, საერთაშორისო ორგანიზაციებს - ”ობიექტურად შეაფასონ ხელისუფლების ქმედებები”, ხოლო საქართველოს მოსახლეობას  - ”არ მისცენ ხმა სააკაშვილს და არ დაუშვას ერის ნების ფალსიფიკაცია”.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით ”სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა ამომრჩეველთა 20-25 პროცენტს არ აღემატება”.

”ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი სხვა შედეგი სააკაშვილის სასარგებლოდ წარმოადგენს არჩევნების ფალსიფიკაციას.,”- აცხადებს პატარკაციშვილი, ”სააკაშვილი თქვენთვის და თქვენი მომავლისათვის კი არ იბრძვის, არამედ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის, რათა თავი აარიდოს  პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულებებისათვის”.

იმავდროულად, პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ძალაში ტოვებს ყველა წინასაარჩევნო დაპირებას , რისთვისაც საკუთარი სახსრებიდან 1,5 მლრდ ლარის დახარჯვას აპირებს.

 

Civil.Ge © 2001-2024