ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jan.'08 / 16:20

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. თუმცა უცნობია თავად ბიზნესმენი რას ფიქრობს ამ შეთავაზებაზე.

”პრემიერ-მინისტრის პოსტს ვთავაზობ ცნობილ მეცენატს და ბიზნესმენს ბატონ ბიძინა ივანიშვილს,”- განაცხადა ნათელაშვილმა 3 იანვარს საგანგებო პრესკონფერენციაზე, ”ბატონ ბიძინას ვთხოვთ დაიწყოს კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობის შექმნაზე, რომელსაც შემდგომ მოიწონებს უწმინდესი და უნეტარესი, აგრეთვე სრულიად საქართველოს წმინდა სინოდი. ეს იქნება ჭყონდიდელის საქართველოს კონცეფციის განვითარება, რასაც ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას”.

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი 1990-იან წლებში რუსეთში დაიწყო, საქართველოში ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, თუმცა იგი ამის აფიშირებისაგან კატეგორიულად იკავებს თავს.  ივანიშვილი ტელეეკრანებზე არასოდეს ჩნდება და ასევე იშვიათია მისი ინტერვიუები პრესაში. მას არასოდეს გამოუხატავს პოლიტიკური ამბიციები. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მან საქართველოში ბიზნეს-წილების უმეტესობა áƒ’აყიდა, თუმცა საქველმოქმედო საქმიანობას დღემდე აგრძელებს.

2007 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში Forbes-მა ივანიშვილის ქონება 4,7 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. 2006 წლის ანალოგიურ რეიტინგში მას 3,9 მლრდ დოლარი ჰქონდა.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანდიდატურა, რომელიც შევთავაზეთ საქართველოს, არის ზეპარტიული, არის სრულიად მისაღები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. მან გაიარა გზა რიგითი ადამიანიდან აი ასეთ სიმაღლეებამდე, ჩაატარა ქველმოქმედება უანგაროდ, ისე რომ არ მოუთხოვია არანაიარი ტაში, თანამდებობა და არ ჰქონია პოლიტიკაში მოსვლის აკვიატებული სურვილი,”- განაცხადა ნათელაშვილმა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ნათელაშვილი ასევე დაპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში გაუქმდება საპრეზიდენტო მმართველობის არსებული მოდელი, სადაც პრეზიდენტი ყველა დანარჩენ სახელისუფლებო შტოზე ძლიერია.

მისი თქმით, უკვე შეიქმნა საკონსტიტუციო საბჭო დეპუტატ გია მეფარიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მმართველობის ახალ კონსტიტუციურ მოდელს შეიმუშავებს. მეფარიშვილი ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს გენერალური პროკურორი იყო.

Civil.Ge © 2001-2024