გამყრელიძე არჩევნების მეორე ტურისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Jan.'08 / 14:44

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს დათანხმდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას, სადაც მას კონკურენციას ოპოზიციური კოალიციის ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე გაუწევს. ამ განცხადებით გამყრელიძემ აღიარა არჩევნებში დამარცხება.

”მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გუშინდელი არჩევნების შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს მეორე ტური და მეორე ტურში გავიდეს მიხეილ სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. მე მინდა მივულოცო ბატონ ლევანს მეორე ტურში ღირსეული გასვლა,” - განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ.

მან იქვე აღნიშნა, რომ ახალი მემარჯვენეები მზად არიან კოორდინირებული მოქმედებებისთვის გაერთიანებულ ოპოზიციასთან და მათ ლიდერებთან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ტრადიციულად არ მიიღებენ მონაწილეობას ქუჩის აქციებში. ოპოზიციური კოალიციის ორგანიზებით აქცია დღეს 2 საათიდან დაიწყო რიყეზე.

”ჩვენ პირდაპირ ვაფიქსირებთ დღესაც, რომ თავს ვიკავებთ და თავს შევიკავებთ ქუჩის აქციებიდან იმიტომ, რომ მიგვაჩნია სხვა ძალიან ბევრი მეთოდის არსებობს ერთობლივი მოქმედების პირობებში ამ მიზნის მისაღწევად,”- განაცხადა მემარჯვენეების ლიდერმა.  

მისი თქმით, არჩევნების დღე სხვადასხვა დარღვევების áƒ›áƒ˜áƒ–ანმიმართული სქემით მიმდინარეობდა იმისათვის, რომ პირველივე ტურში დაეფიქსირებინათ მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება, რაც ”დღესაც გრძელდება”.

”მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს, რომ თუ ის გრძნობს პასუხისმგებლობას ქართული სახელმწიფოს წინაშე, მან უარი უნდა თქვას პირველ ტურში ხელოვნულ გამარჯვებაზე, დათანხმდეს მეორე ტურს და ეს არის რეალური გამოსავალი სიტუაციიდან”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დავით გამყრელიძის თქმით, ”გამოვაცხადებთ, რომ ის არის არალეგიტუმური პრეზიდენტი და ვაცხადებთ - ჩვენ გამოვიყენებთ საქართველოს პოლიტიკური მშვიდობიანი ბრძოლის ყველა მეთოდს, რათა აღმოვფხვრათ ქვეყანაში ეს უკანონობა”.

დავით გამყრელიძე ასევე მიმართავს საქართველოში აშშ-ს ელჩს ჯონ ტეფტს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების და ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს ”არ დაუშვან სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების უკანონო მითვისება, მიტაცება და არავითარ შემთხვევაში არ დაადასტურონ აი ასეთი გაყალბებული შედეგები”.

”ეს მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის”, - განაცხადა მან.

ეგზით პოლების და სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემებით, გამყრელიძე მეხუთე ადგილზე გავიდა არჩევნებში.  მეხუთე ადგილ იკავებს ის ასევე ცესკოს მონაცემებით, რომელიც 326 უბნის შედეგებს მოიცავს მთლიანი 3 511 უბნიდან.

Civil.Ge © 2001-2024