საერთაშორისო დამკვირვებლებმა შუალედური დასკვნა გამოაქვეყნეს
/ 6 Jan.'08 / 17:32
სივილ ჯორჯია

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, თავისი არსით, შეესაბამებოდა დემოკრატიულ არჩევნებს, მაგრამ ასევე გამოვლინდა სერიოზული გამოწვევებიც, განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ (IEOM).

მისიამ, რომელშიც შედიან დამკვირვებლები ეუთოს სადამკვირვებლო მისიიდან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროპის საბჭოდან და ევროპარლამენტიდან, წინასწარი დასკვნები 6 იანვარს გამოაქვეყნა.

”საქართველოში გუშინ დემოკრატიამ ტრიუმფალური ნაბიჯი გადადგა,” - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა და ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორმა ალსი ჰასტინგსმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მე აღვიქვავ ამ არჩევნებს, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ნათელ გამოხატულებას. თუმცა, მომავალი უზარმაზარ გამოწვევებს გვიმზადებს. ამ დიდი ქვეყნის ლიდერებს და წარმომადგენლებს ბევრი გზის და ხიდის გადაკვეთა მოუწევთ დემოკრატიის გზაზე... ჩვენ განსაკუთრებით მოხარულნი ვართ ხაზი გავუსვათ წყნარ და მშვიდობიან ატმოსფეროს გუშინდელი არჩევნების დროს”.

მან ასევე აღნიშნა, რომ წინასწარ დასკვნებს არაფერი აქვს საერთო არჩევნების შედეგებთან. ”ჩვენ აქ ვართ, რათა პროცესი გავაშუქოთ, და არა შედეგები,” დასძინა მან.

არჩევნების დღეზე საუბრისას, გერმანელმა დიპლომატმა დიტერ ბოდენმა, რომელიც ეუთოს გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მისიას არ აქვს ”ნათელი ინფორმაცია არჩევნების დღის ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტთან დაკავშირებით”.

”ალბათ თქვენც შენიშნავდით, რომ შედეგები უფრო დაგვიანებით მოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო,” - განაცხადა მან, ”ჩვენ გვჭირდება სიცხადე, მაგალითად, ხმების დათვლასთან, შედეგების გამოქვეყნებასთან და საჩივრების ბუნებასა და არსთან დაკავშირებით. ყველა ეს მონაცემი გვჭირდება საბოლოო მოხსენებისთვის, რომელსაც თებერვალში წარმოვადგენთ”.

პრესკონფერენციის დროს, 3 საათზე ცესკო-მ გამოაქვეყნა 326 უბნიდან მიღებული შედეგები. უბნების მთლიანი რაოდენობა 3 512 შეადგენს.

თავის გამოსვლაში დიტერ ბოდენმა, რომელიც ბოლო ხუთი კვირის მანძილზე  საქართველოში არჩევნების პროცესს აკვირდებოდა, ხაზი გაუსვა ”დაშინების ფაქტებსაც”.

”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არჩევნები პროფესიონალურად მომზადდა, მაგრამ ჩვენ ვერ შევიტანთ ჩვენ წვლილს საქართველოში დემოკრატიის განვითარების საქმეში, თუ საჯაროდ არ დავაფიქსირებთ იმას, რაც არ შეესაბამებოდა ეუთოს ვალდებულებებს, როგორიცაა დაშინების შემთხვევები,” - განაცხადა მან, ”ეს ის გამოწვევებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს დაუყონებლივ და შესაბამისი არხებით”.  

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების თანახმად, ”კამპანია გადაჩრდილა განცხადებებმა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ, რომელთანაც ზოგიერთი საფუძვლიანი იყო, მათ შორის სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებზე”.

”არჩევნების დღემ ზოგადად მშვიდობიანად ჩაიარა. ჯამში, ხმის მიცემა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დიდი უმრავლესობის მიერ დადებითად შეფასდა,” - ნათქვამია დოკუმენტში, ”თუმცა, დაფიქსირდა ორგანიზაციული და პროცედურული ხარვეზები, რომლებიც ძირითადად მარკირების, ხმის მიცემის მრავალჯერადობისგან დამცავი საშუალების, არასისტემატურ გამოყენებას უკავშირდებოდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კანონი კვლავ იძლეოდა არჩევნების დღეს ამომრჩეველთა დამატებით სიებში რეგისტრირების საშუალებას. ასევე აღსანიშნავია ამ სიების გამოყენების მასშტაბურობა. ხმების დათვლა, მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევების აღმოჩენის გამო, ნაკლებად პოზიტიურად შეფასდა. აღნიშნული გარემოება შესაძლოა განპირობებული იყო იმის გამო, რომ საარჩევნო პროცედურების გადახედვა ბოლო წუთს განხორციელდა”.

Civil.Ge © 2001-2024