![]() |
|||
პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვრის არჩევნები შეაფასა, როგორც ყველაზე ”თავისუფალი და წარმატებული” აღნიშნა რა, რომ ”არასოდეს არჩევნებს ასეთი მაღალი დონის” შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლებისგან არ ჰქონია. ”ეს იყო ბრწყინვალე არჩევნები. მე მგონი, ყველამ ნახა, რომ ეს იყო ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, ყველაზე კონკურენტული, ყველაზე წარმატებული,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს. ეს განცხადება სააკაშვილმა 7 იანვარს, ღამით სამების ტაძართან გააკეთა, სადაც შობის დღესასაწაულის აღსანიშნავ ლიტურგიას დაესწრო. ”ეს არის ზეიმი, როგორც საერთო ქრისტიანული, ისე ეროვნული ერთიანობის დღესასწაული, როცა ყველამ გვერდზე უნდა გადადოს თავისი განსხვავებები და პრობლემები,”- აღნიშნა მან. ჟურნალისტის კითხვაზე: ”როგორც პრეზიდენტი ისე გვილოცავთ[შობას]?” სააკაშვილმა უპასუხა: ”ეგ ჰკითხეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას”. ცესკოს წინასწარი პირველადი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში ხმათა 52.8%-ით პირველ ადგილზე გავიდა; ხოლო მეორე ადგილი ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს უკავია ხმათა 27%-ით. თუ ეს მონაცემები ძალაში დარჩა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საჭიროება აღარ იქნება. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025