ოპოზიცია შიმშილობის აქციას ორი მოთხოვნით იწყებს - შეწყდეს ’მედია ტერორი’, დაინიშნოს მეორე ტური
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jan.'08 / 15:26

პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური კოალიციიდან ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ხვალიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დაიწყება შიმშილობის პერმანენტული აქცია ორი მოთხოვნით - შეწყდეს ოპოზიციის მიმართ ”მედია-ტერორი” და დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

”დღეიდან ყოველდღე 2 საათზე საზოგადოებრივ არხთან მოვა საზოგადოება იმისთვის, რომ ჩვენ მოგვცეს საზოგადოებრივმა არხმა, რუსთავი 2-მა და მზემ პირდაპირი ეთერი,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართულ აქციაზე, ”ჩვენ ვიმყოფებით ვაკუუმში. მილიონამდე ჩვენ ამომრჩეველს ვერ ვაგებინებთ რა გვინდა და რუსთავი 2, მზე და საზოგადოებრივი არხი მიდის ტერორი პირდაპირ ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის - პირდაპირი მედია-ტერორი”.

”აქედან გამომდინარე ხვალიდან აი აქ, კიბეებზე იწყება შიმშილობის აქცია ორი მოთხოვნით: პირველი ეს არის, რომ მოგვეცეს საშუალება, რომ საზოგადოებას ველაპარაკოთ და მეორე მოთხოვნა  - თავი დაანებეთ გაყალბებას, ჩვენ ვითხოვთ მეორე ტურს,”- განაცხადა მან.

გაჩეჩილაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სანამ მისი ორი მოთხოვნა არ შესრულდება, ”აქცია არ დამთავრდება, იქნება პერმანენტული”.

”ახლა სააკაშვილის და ბურჯანაძის გასაგონად ვიძახი: მე თქვენ შემოგაკლავთ თავს, სანამ არ მომკლავთ, არ გავჩერდები, არა!”- განაცხადა თავისი ემოციური განცხადების ბოლოს გაჩეჩილაძემ.  

ამ განცხადებამდე გაჩეჩილაძე და ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ცესკოში მივიდნენ, სადაც კომისიის თავმჯდომარეს ”თაღლითი” უწოდეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. ეს ნაბიჯი მმართველი პარტიის მხრიდან შეფასდა, როგორც ბრძოლის სამართლებრივი გზიდან ”ზეწოლისა და ძალადობის” მეთოდებზე გადასვლა, ბადრი პატარკაციშვილის სცენარის შესაბამისად.  

 

Civil.Ge © 2001-2024