გამყრელიძე მეორე ტურისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jan.'08 / 18:20

ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ”უკანონოდ” ცდილობს მიანიჭოს გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს, რადგან იგი ”საქართველოს მოსახლეობას რეალურად არ აურჩევია” . 

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს დათანხმდეს მეორე ტურს, რათა ”ისევ ცუდად არ დამთავრდეს ყველაფერი”.

გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოულოდნელობა უწოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 5 იანვრის არჩევნები ”ეს იყო პირველი ნამდვილად კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში”.

”კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ჩემთვის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა, როგორც საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები, ის რაც ხდებოდა 5 იანვარს საქართველოში, 6 იანვარს და რა პროცესებიც ახლა მიდის. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს პოზიცია, იგივე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი მაპატიეთ და სირაქლემას პოზიცია, როდესაც ყველამ ერთად ქართველმა ხალხმა ნახა, რომ სააკაშვილმა ვერ გაიმარჯვა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

პრესკონფერენციაზე საუბრისას მან ასევე ისაუბრა დარღვევებზე , მათ შორის საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადაკეთებისა და ბიულეტენები ჩაყრის შემთხვევებზე. მან ასევე წარმოადგინა საუბნო კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი, თუმცა შეუვსებელი ოქმი.

იმავდროულად, გამყრელიძე, რომელიც წინასწარი მონაცემებით მეხუთე ადგილზე გადის ხმათა 3,9%-ით, აცხადებს, რომ ის ”ნეიტრალურია”, თუმცა ”ქართველი ხალხის ხმებს იცავს”.

დღესვე გამყრელიძემ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს მისი საარჩევნო შტაბის ხელთ არსებული დარღვევების ფაქტები გააცნო.

 

Civil.Ge © 2001-2024