”მასობრივი გაყალბება არ გამოვლენილა” - დიტერ ბოდენი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jan.'08 / 21:05

საერთაშორისო დამკვირვებლებს არ მიაჩნიათ, რომ არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი, განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიტერ ბოდენმა 8 იანვარს.

”ჩვენ ვიცით, რომ ხმების დათვლის პროცესი და შედეგების შეჯამება არასრულყოფილი იყო. ჩვენ ბევრი არგუმენტი მოვისმინეთ და რამდენიმე დოკუმენტიც ვიხილეთ, რომელიც ამაზე მიანიშნებს. ყველა ჩვენგანი ვალდებული ვართ ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საკითხებს,” - განაცხადა ბოდენმა, ”მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რაც ჩვენ მოვისმინეთ და ვიხილეთ აქამდე, ვფიქრობ, არ გვაიძულებს ჩვენ გადავხედოთ ჩვენ სიტყვებს, რომელიც კვირას გაკეთებულ განცხადებაში გავახმოვანეთ. არ მიგვაჩნია, რომ არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი”.

დიტერ ბოდენმა ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატ დავით გამყრელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მოგვიანებით დღესვე ბოდენი ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძესაც შეხვდა. გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მას ხმები ”მოპარეს” ოქმების გაყალბების გზით.

დილით დიტერ ბოდენი ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილს შეხვდა. მან სთხოვა ცესკო-ს თავმჯდომარეს ”ძალიან სერიოზულად მიუდგეს ყველა საჩივარს და პრეტენზიას”. 

 

Civil.Ge © 2001-2024