გერმანიამ ოქრუაშვილი საფრანგეთს გადასცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jan.'08 / 10:51

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გერმანიიდან საფრანგეთში იქნა გადაყვანილი, იტყობინება ქართული მედია.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიამ ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხი საფრანგეთს გადასცა გადასაწყვეტად, რადგან ოქრუაშვილი ევროკავშირის სივრცეში საფრანგეთის ვიზით შევიდა. გარდა ამისა, საფრანგეთს ასევე მოუწევს განიხილოს áƒ—ავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოში ექსტრადირების საკითხიც.  

ოქრუაშვილი გერმანიაში ნოემბრის ბოლოს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც საქართველომ მისი ექსტრადირება მოითხოვა. 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა თბილისში ოპოზიციური პარტია დააარსა, თუმცა ორ დღეში ის დააპატიმრეს და ფულის გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში და სამსახურებლივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით, ის 10 მილიონი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 1 ნოემბერს, გენერალური პროკურატურის განცხადებით, ოქრუაშვილს ნება დაერთო გერმანიაში გამგზავრებულიყო სამკურნალოდ. თუმცა, მოგვიანებით ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის იძულებით ჩასვეს თვითმფრინავში და გერმანიაში გაუშვეს.

მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოქრუაშვილი მისი ერთ-ერთი დიდი შეცდომა იყო.

Civil.Ge © 2001-2024