”დასავლეთი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, როდესაც არჩევნებს იწონებს” - გამყრელიძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jan.'08 / 11:27

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად შეფასება ”ცინიკური” იყო.

”მე ძალიან კრიტიკულად შევაფასე და ახლაც ვაფასებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტებით,” - განაცხადა გამყრელიძემ 10 იანვარს გვიან ღამით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას, ”ეს არის ცინიზმი, როდესაც დღეს ქართველ ხალხს ეუბნები, რომ საქართველოში თურმე 5 იანვარს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა არჩევნები. ამით ამერიკამ თავად მისი რეპუტაცია, ამერიკისადმი დამოკიდებულება დააყენა საფრთხის ქვეშ. მე ნამდვილად არ მინდა, რომ ქართველმა ხალხმა შეიცვალოს დამოკიდებულება ზოგადად დასავლეთისადმი და ზოგადად დემოკრატიისადმი”.

8 იანვარს ამავე საკითხზე გაკეთებულ განცხადებაში, დავით გამყრელიძემ, რომელმაც წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების 4% მიიღო, საერთაშორისო დამკვირვებლები დაადანაშაულა დადებითი დასკვნების გაკეთების გამო და მათი პოზიცია ”სირაქლემის” პოზიციად შეაფასა.

10 იანვარს საუბრისას გამყრელიძემ ასევე გაახმოვანა ის ”უარყოფითი ტენდენცია”, რომელიც ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პლებისციტის შედეგებში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ეგზით პოლის შედეგებით ამომრჩეველთა 61%-მა დაუჭირა მხარი ნატოში გაწევრიანებას.

”რატომღაც არავინ არ აანალიზებს, რა მოხდა ნატოსთან დაკავშირებით,” - განაცხადა მან, ”ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე თვის წინ, თუ ერთი წლის წინ, ყველა გამოკითხვით, ნატოსადმი მხარდაჭერა იყო 82% და მეტი. დღეს პლებისციტმა აჩვენა, რომ 62%-მა დაუჭირა მხარი - ეს იმის გათვალისწინებით, რომ მარნეულში და ახალქალაქში ყველამ ერთხმად შემოხაზა ნატოს მხარდაჭერა. სულ რაღაც რამოდენიმე თვეში 20%-ით დაეცა და იცით რატომ? იმიტომ, რომ ეს პირდაპირ დაკავშირებულია სააკაშვილთან, დაკავშირებულია იმ რეჟიმთან და იმ უსამართლობასთან, რაც თავს მოახვია სააკაშვილმა ქართველ ხალხს და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ნატო ნიშნავს იმას, რომ აქ უნდა იყოს უსამართლობა”.

შემდეგ მან განაცხადა, რომ იგივე ეხებოდა საზოგადოებრივ განწყობას აშშ-სთან მიმართებაში. ”თუ ხალხი ხედავს, რომ მოიგებს თუ წააგებს სააკაშვილი ის მაინც პრეზიდენტი იქნება, რა თქმა უნდა, მოხდება ამერიკული ღირებულებების, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია; ეს არის საგანგაშო,” - დასძინა გამყრელიძემ.

შემდეგ მან გაიხსენა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას განცხადება, რომელმაც განუცხადა ქართულ ტელეკომპანებს, როგორც ეს ითარგმა, რომ არჩევნები დემოკრატიული იყო.

”დღეს, როდესაც ჩემი მეგობარი, მეთიუ ბრაიზა გამოდის არჩევნებიდან მეორე დღესვე და აცხადებს, რომ გაიმარჯვა და გვეუბნება ოპოზიციას, რომ თქვენ არ გეკადრებათ ასე მოქცევა, ეს არის ძალიან არასერიოზული და მე მას აუცილებლად ვუსაყვედურებ, როდესაც შევხვდები. მას ნუ ჰგონია, რომ ქართველი ხალხი არის მორჩილი უმრავლესობა, რომელიც ყველაფერს მოისმენს, რასაც ამერიკელები იტყვიან; ნუ ეთამაშებიან ცეცხლს; მე ნამდვილად არ მინდა, რომ ქართველ ხალხს ამერიკისადმი შეეცვალოს დამოკიდებულება. არადა, ეს ტენდენცია არსებობს,” - განაცხადა გამყრელიძემ, ”მე უკვე მიჭირს ამერიკული პოზიციების დაცვა, უკვე მიჭირს ამომრჩეველთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა არ არის სააკაშვილის მხარდამჭერი, რომ ამერიკა არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი; დღეს ამას ქართველი ხალხი ვერ ხედავს”.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ სხვა ამერიკელი ოფიციალური პირებისგან განსხვავებით, აშშ-ს ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს ჯერ არ გაუკეთებია რაიმე განცხადება არჩევნების თაობაზე და ”ამის გამო მე მისი მადლიერი ვარ”.

Civil.Ge © 2001-2024