ცესკო-მ საჩივრები არ დააკმაყოფილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jan.'08 / 11:46

გუშინ გამართულ სხდომაზე, რომელიც ღამის 1 საათზე დასრულდა,           ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არ დააკმაყოფილა ოპოზიციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები.

დეპუტატმა კახა კუკავამ ოპოზიციური კოალიციიდან ცესკო-ს სხდომას 18 შემაჯამებელი ოქმის ასლი წარუდგინა, რომლებიც, მისი თქმით, სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა. მან ამ უბნების შედეგების გაბათილება მოითხოვა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ასევე განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ რამდენიმე შემაჯამებელი ოქმი გაყალბდა.

თუმცა, ცესკო-მ შვიდი ხმით ექვსის წინააღმდეგ ამ საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა. ოპოზიციურ პარტიებს კომისიაში ექვსი წევრი ჰყავთ.

მოგვიანებით იმავე სხდომაზე ცესკო-ს წევრებმა გადაწყვიტეს დაბრუნებოდნენ ამ საკითხის განხილვას მმართველი პარტიის დეპუტატ პავლე კუბლაშვილის თხოვნის საფუძველზე. ცესკო-ს სახელისუფლებო წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი დათანხმდებოდნენ საჩივრის განხილვას, თუ ოპოზიცია გაყალბებული ოქმების ასლების ნაცვლად ორიგინალებს წარმოადგენდა. ამ დროისთვის კუკავა აღარ ესწრებოდა სხდომას; როდესაც მას დაუკავშირდნენ ტელეფონით და სთხოვეს წარმოედგინა ოქმების ორიგინალები, ის დათანხმდა, თუმცა დასძინა, რომ ამისთვის დრო დასჭირდებოდა. ამის საპასუხოდ, ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ ლოდინის დრო არ იყო და საკითხი დახურულად გამოაცხადა.     

ამის შემდეგ, საია-ს ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, რომ მან ადრე წარუდგინა ცესკო-ს ოქმების დედნები (ბათუმის და ხელვაჩაურის რამდენიმე უბნიდან), რომლებიც ორგანიზაციის თქმით, ასევე გაყალბდა, თუმცა ცესკო-მ მათ განხილვაზე უარი განაცხადა. ჩხეიძემ მოითხოვა მის მიერ ადრე წარდგენილი ოქმების საკითხის განხილვა, თუმცა ცესკო-მ ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.

ცესკო-მ ასევე არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა იმ უბნების შედეგების გაბათილების თაობაზე, სადაც ოპოზიციის თქმით, “დაუჯერებლად მაღალი აქტივობა იყო”. ეს ეხებოდა რამოდენიმე საარჩევნო უბანს ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, გორის, წალკის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, მარნეულის და გარდაბნის რაიონებში. კუკავამ ასევე მოსთხოვა ცესკო-ს იმ ვიდეომასალის ნახვა, რომელიც ზოგიერთ უბანში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებზეა ჩაწერილი. ვიდეოკამერები ძირითადად დამონტაჟებული იყო ქალაქებში, უბნების  სარეგისტრაციო მაგიდასთან და საარჩევნო ყუთებთან. თუმცა, ცესკომ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ უზარმაზარი რაოდენობის ჩანაწერები იყო გაკეთებული და მის ანალიზს დიდი დრო დასჭირდებოდა.  

ცესკო-მ ასევე უარი განაცხადა ე.წ. “გადაყრილ ბიულეტენებთან” დაკავშირებული საკითხის განხილვაზე. ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას მაშინვე უნდა ეცნობა პოლიციისთვის, როდესაც, მათივე თქმით, სანაგვეზე გადაყრილი ბიულეტენი აღმოაჩინა, ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი რამდენიმე დღეში ცესკო-ს სხდომაზე დაეყენებინა.   

ცესკო-ს სხდომამ ასევე არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო ორგანიზაციების – ახალი თაობა – ახალი ინიციატივა და საია – მიერ შეტანილი საჩივრები. ეს უკანასკნელი მოითხოვდა ხელვაჩაურის ერთ-ერთი უბნის შედეგების გაბათილებას იმ მოტივით, რომ იქ არჩევნების დღეს უამრავ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი; ხოლო ახალი თაობა – ახალი ინიციატივა სამგორში ერთ-ერთი უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. თუმცა, ცესკო-მ არც ერთი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ საჩივრები “პროცედურული დარღვევებით იქნა შედგენილი”. “ისინი, ვინც ამ საჩივრებს ადგენენ, უნდა იცოდნენ როგორ გააკეთონ ეს,” – განაცხადა თარხნიშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024